დავით მათიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ვეტოს ძალიან კრიტიკულად მივუდგები

თუკი კანონპროექტს ვეტოს დაადებენ, ვეტოს ფარგლებში წარმოდგენილ შენიშვნებს ძალიან კრიტიკულად მივუდგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თაობაზე განუცხადა.
მათიკაშვილი აცხადებს, რომ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
“რა თქმა უნდა, ვეტოს შემთხვევაში შენიშვნებს გავეცნობით და ვიფიქრებთ, რა კონტენტია შენიშვნების ქვეშ გათვალისწინებული, თუმცა პირადად მე ამ კანონპროექტს მხარი დავუჭირე და ეს არის მცდელობა იმისა, რომ უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნას. ამიტომ ჩემი განწყობა ვეტოსთან მიმართებით არის უარყოფითი. შესაძლებელია პარლამენტის წამყვანმა კომიტეტმა ესა თუ ის კანონპროექტი უარყოფითად შეაფასოს, თუმცა პროექტი მაინც იყოს მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ. აქ საუბარი არ არის, ვინ რა დასკვნა გააკეთა. ჩვენ ერთობლიობაში შევაფასეთ პროექტის ყველა სეგმენტი და ისე დავუჭირეთ მხარი. შესაბამისად, ვეტოს არსებობის პირობებში მხოლოდ ეს ფაქტი არ იქნება ამოსავალი წერტილი. ჩვენ იმ მოსაზრებებით ვიხელმძღვანელებთ, რაც გაგვაჩნია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები