მამუკა არეშიძე: უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო უსაფრთხოა და სწორედ ეს იგულისხმება ამ ანგარიშშიც

„ერთი შეხედვით აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები გარკვეულ სიამაყის გრძნობასაც იწვევს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის აშშ-ის მიერ, საქართველოს მიმართ, კეთილი ნების გამოხატულება“ – ასე აფასებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებს, სადაც საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

როგორც „კვირას“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, აშშ-ის რეკომენდაციები ტურისტებისთვის, შესაძლოა, მართლაც უსაფრთხოა, მაგრამ რეალური სურათი სხვაა.
მისივე თქმით, ამერიკელებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკას „პატივი მიაგეს“ .
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ საქართველოს უსაფრთხო ქვყნების რიცხვში ვერ მოიაზრებს.
„ ძალიან მოხარული იქნება საზოგადოების ის ნაწილი, ვინც დაინტერსებულია საქართველოს გეოპოლიტიკით და ტურიზმის განვითარებით, მაგრამ მე მაინც მეჩვენება, რომ ეს არის კონიუნქტურული რეკომენდაციები. ამერიკელებმა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად, საქართველოს საგარეო პოლიტიკას პატივი მიაგეს.
შეიძლება ოპონენტებმა აღნიშნონ, რომ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან, რით დაიმსახურეს სხვა ჯგუფში მოხვედრა და თან მეორე კატეგორია მიაკუთვნეს?! _ ამ სამი ქვეყნისთვის, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, არც არაფერი შეიცვლება. სამივე ქვეყანა იმდენად ძლიერია ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც, რომ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პირველ ჯგუფში იქნებიან თუ მეორეში, არ გამოვრიცხავ, რომ ამ რეიტინგებს მათ ყურადღება არც მიაქციონ. მე ვფიქრობ, იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეხატა ჩვენ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ -ს, საქართველო, სწორედ ამიტომ, პირველ კატეგორიაში მოახდვერა.
სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ საქართველო ასეთი უსაფრთხო ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, ასე იყოს! ჩვენი ქვეყნის გარშემო სერიოზული რკალია შექმნილი, ჩრდილოეთით – რუსეთი შედის მესამე კატეგორიის ქვეყნებში, სადაც საფრთხე საკმაოდ მაღალია. ჩვენი მეზობელი – აზერბაიჯანი გადის უფრო დაბალ კატეგორიაში, ასევე მესამე კატეგორიაშია ჩვენი მეზობელი – თურქეთიც. ამიტომ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ იქნება საქართველო წელში გამართული. ფაქტებს რეალურად უნდა შევხედოთ. მით უმეტეს, რომ რუსეთი და თურქეთი მესამე კატეგორიაში გადიან. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს საზღვრები ერთობ პირობითია, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ იქნება საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო უსაფრთხოა და სწორედ ეს იგულისხმება ამ ანგარიშშიც, მაგრამ მე მგონია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტურიზმის განვითარებისთვის არ შექმნიდა ამ რეიტინგს. ეს არის მრავალი კომპონენტისგან შემდგარი რეიტინგი. აქ გათვალისწინებულია უამრავი კომპონენტი. ამიტომაც მიმაჩნია, რომ გამოქვეყნებული რეკომენდაციები კონიუნქტურულია. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მართლაც ასეა. თუმცა, მე ვსაუბრობ უფრო საერთო პრობლემებზე. გარკვეულწილად, ეს არის აშშ-ის დეპარტამენტის მიერ კეთილი ნების გამოხატულება საქართველოს მიმართ. შეიძლება წამახალისებელი და მასტიმულირებელიც“ – განუცხადა „კვირას“ მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკელი მოგზაურებისთვის, უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.დეპარტამენტის რეკომენდაციების თანახმად, პირველ ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვაა საკმარისი – მაგალითად, ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის გარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები