გორში ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი გაიხსნა

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)  ქალაქ გორში გაიხსნა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს.

გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა 14-21 წლის 22 ახალგაზრდა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში კლუბის საქმიანობაში ჩაერთვებიან. კლუბის წევრები სასწავლო კურსს (თეორია/პრაქტიკა) ოთხი ძირითადი მიმართულებით გაივლიან: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.

SKYE კლუბს მოხალისე ლიდერები უხელმძღვანელებენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი კლუბის გახსნას გორის იუსტიციის სახლში დაესწრო. თათია ხოჭოლავამ  ახალგაზრდული საქმიანობის თავისებურებებზე, ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების მნიშვნელობასა  და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი  ახალგაზრდებს სთავაზობს. ცენტრის დირექტორმა კლუბის წევრებს საქმიანობის ფარგლებში მხარდაჭერა გამოუცხადა და ინიციატივების  აქტიურად გამოხატვისკენ მოუწოდა.

SKYE კლუბში ჩაერთვნენ გორის მუნიციპალიტეტის, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

პროგრამა პილოტურ რეჟიმში ქალაქ გორის გარდა კიდევ 5 ქალაქში დაიწყება. ესენია – თბილისი, რუსთავი, ბათუმი, თელავი და ლაგოდეხი.  ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. SKYE კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები