„ვიმედოვნებ, კომისიის თავისთან გადატანით, პრეზიდენტი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გასული წლის პოლიტიკას არ გააგრძელებს“

2017 წლის განმავლობაში, სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე, საქართველოში დაბადებული ან მათი ოჯახის წევრი იყო.
მინისტრი თვლის, რომ ამგვარი პოლიტიკა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, მიენიჭებათ მათ, ვისთან მიმართებაშიც სახელმწიფო ინტერესი არსებობს.
„ჩვენ ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის, საქართველოში დაბადებული პირისთვის, საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია, რადგან ეს ადამიანები ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის ან სხვა გარდაუვალი სირთულის გამო, დროებით დაშორდნენ სამშობლოს და სურთ დაბრუნება. მათ ჩვენ კარი უნდა გავუხსნათ.
იმედი მაქვს, რომ კომისიის თავისთან გადატანით, საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ გასულ წელს წარმოებულ პოლიტიკას არ გააგრძელებს და მას პოზიტიური და სამართლიანი დინამიკით შეცვლის“, –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები