თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო დასრულდა

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო. მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მონაწილეობდნენ. შესრულდა საშობაო საგალობლები. მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები. ტრადიციული მსვლელობა კოსტიუმირებული იყო, რომელიც მაცხოვრის შობის ღამეს განასახიერებდა.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდნენ და შობის დღესასწაულს მიულოცეს. მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები დედაქალაქის მერმაც გადასცა. ტკბილეულით გზადაგზა ისინი მოსახლეობამაც დაასაჩუქრა.

მონაწილეთა ერთი ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში მივიდა, სადაც ისინი დალოცეს და ალილოსთვის ტკბილეული გადასცეს. შემდეგ იგივე მონაწილეთა ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდა, სადაც მათ ტკბილეული საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადასცა და მსვლელობაში მონაწილეებს შობა მიულოცა.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები