სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა. ზურაბ ალავიძე ამჯერად სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. მალე ბოდბისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი ექნება.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შიდა და გარე სამუშაოები კეთდება, კეთილმოეწყობა და გამწვანდება ეზო.
არსებული, ერთსართულიანი ამორტიზებული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. პროექტის ფარგლებში, ძველი შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ადგილას ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სკოლამდელი განათლების მისაღებად. სამუშაოების დასრულების შედეგად, 80-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.