დავით მათიკაშვილი: აუდიტის სამსახურს შსს-ში დარღვევები არ გამოუვლენია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, შსს-ში დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა.
“როგორც ცნობილია, აუდიტმა უწყების შემოწმება დაიწყო ჯერ კიდევ 2017 წლის იანვრიდან, ყოფილი შს მინისტრის დროს. აუდიტის ამ დასკვნის ფინალურ ნაწილზე საზოგადოების ყურადღება არ გამახვილებულა. დასკვნის ფინალური ნაწილი დაინტერესებულ პირებს კარგად რომ წაეკითხათ, კითხვები აღარ გაუჩნდებოდათ. აუდიტის დასკვნაში არანაირ დანაშაულის ნიშანზე არ არის საუბარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური, დანაშაულებრივი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია მიმართოს სპეციალურ უწყებებს და შემდეგ საქმე სამართლებრივად უნდა იქნეს გადაწყვეტილი, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურმა შსს-ს შემოწმების შემდეგ ვერ გამოავლინა ვერანაირი სამართლებრივი დანაშაული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ დასკვნა 29 დეკემბერს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება.
“სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ 2016 წელს შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულია საკასო ხარჯი 85,562.5 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებამ – 5,910.9 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეული ხარჯების 6.9%-ს შეადგენს. 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს საშტატო ნუსხებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რაც „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. კერძოდ, 2016 წლის 18 მარტს გაუქმდა სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი და მისი ფუნქციები დაეკისრა 3 ახლადშექმნილ დეპარტამენტს (განსაკუთრებულ დავალებათა, სტრატეგიული მილსადენების დაცვის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტებს), ხოლო 3 ოქტომბერს შეიქმნა სრულიად ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
აუდიტის სამსახური შსს-ს რეკომენდაციითაც მიმართავს.
“შტატგარეშე თანამშრომელთა ოდენობა განისაზღვროს არგუმენტირებულად, მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად”, – აღნიშნულია რეკომენდაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები