კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულდა

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეებისა და ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მელაშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ, დაზარალებულთა ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, მეანაბრეებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.
თუმცა, მისივე განმარტებით, თუ მეანაბრეების პრობლემის მოსაგვარებლად ჯგუფი შეიქმნება, ეროვნული ბანკი მასში მონაწილეობას მიიღებს.
„ეროვნული ბანკი და მისი წარმომადგენელი გიორგი მელაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ რაიმე ჯგუფი შეიქმნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ეროვნული ბანკიც მიიღებს მონაწილეობას და თავის გარკვეულ როლს შეიტანს. ეს როლი შეიძლება იყოს ზოგიერთი მეანაბრის საბანკო კრედიტების საშეღავათო პერიოდად გადაქცევა. ჩვენ გადავდივართ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის რეჟიმზე“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს მისცემენ ხუთდღიან ან ერთკვირიან ვადას იმისთვის, რომ წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით იქნება ჩართული პრობლემის მოგვარების პროცესში.
უფლებადამცველის ინფორმაციით, დაზარალებული მეანაბრეები შემდგომ აქციას შემოსავლების სამსახურთან გამართავენ.
„შემდეგი აქცია შემოსავლების სამსახურთან იქნება. მოლაპარაკება იქნება შემოსავლების სამსახურთან, რომ მათაც დაიხიონ უკან და ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიწყონ ფიქრი“, – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.
რაც შეეხება დაზარალებულ მეანაბრეებს, ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია აღნიშნული პროცესი არ გაჭიანურდეს და პრობლემა მოკლე დროში მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები