არჩილ თალაკვაძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია დროული იყო

ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი სპეცოპერაციას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების თაობაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, კიდევ ერთხელ აშკარად დადასტურდა, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული, ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა
“დღეს უკვე, როდესაც შემდგომი გამოძიებით გამოჩნდა სამალავები, ის საშუალებები, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ დამალული, გაიშიფრა მათი კომუნიკაცია ტელეფონებში და კომპიუტერის საშუალებით, კიდევ ერთხელ აშკარად დადასტურდა, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული და ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ტერორიზმთან მიმართებაში, ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა, მომავალშიც ვიქნებით უკომპრომისო და რა თქმა უნდა, პარლამენტი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება სუს–ის უფროსის პარლამენტში მისვლის საკითხს, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური უკვე იყო პარლამენტში და მან ნდობის ჯგუფს სრული ინფორმაცია მიაწოდა.
“შევახსენებ საზოგადოებას, რომ ნდობის ჯგუფში არის ოპოზიციის წარმომადგენელიც. რაც შეეხება ამ სპეცოპერაციას, მე შეგახსენებთ კონკრეტულ გარემოებას. როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის სწორედ ამ ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულება გასაჯაროვდა გუშინ, ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეროვნული ინტერესები, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი სულ ერთია და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება” ,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები