პროკურორი სააკაშვილის საქმეზე: მიუხედავად იერარქიული მდგომარეობისა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია

სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა გირგვლიანის საქმეზე ხელახალი ძიების დაწყება.

მისივე თქმით, ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საქართველოს ობიექტური გამოძიების წარმოება დაევალა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რომ გირგვლიანის საქმეზე ჩატარებულიყო ხელახალი, ობიექტური გამოძიება. ამ გამოძიების შედეგების მიხედვით, დღეს უკვე გირგვლიანის საქმეზე რვა პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის, იმჟამინდელი შს მინისტრ ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ. ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი რა თქმა უნდა, არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ, მაგრამ არის მეორე სამართლებრივი მხარე. ეს საქმე უნდა გადაიქცეს პრევენციად იმისა, რომ მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების იერარქიული მდგომარეობისა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელისუფლების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პასუხისგებაში მიეცა არა კონსტიტუციური უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის, არამედ, უფლებამოსილების გადამეტების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები