ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი, თიაქარის გამო, საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, თემურ დათიკაშვილი გუშინ ღამის საათებში შეუძლოდ გახდა. მას თიაქარი აწუხებდა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გულის შეტევით გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ „კვირას“ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად, ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები