გუგული მაღრაძის შამპანიურის ჭიქაში “ჩამწვარი” სურვილი და ვოლსკის “ხალადეცი” – როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები ახალ წელს

ახალ წელთან შეხვედრის სამზადისი როგორც ყველასთვის, ისე პოლიტიკოსებისთვისაც  მნიშვნელოვანი პროცესია. საინტერესოა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორ აცილებენ ძველ წელს და ხვდებიან ახალს, აქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია, ითვალისწინებენ თუ არა ასტროლოგის რჩევებს,  სჯერათ თუ არა თოვლის ბაბუის და სხვა, ყოველივე ამით, საინფორმაციო პორტალი „კვირა“ დაინტერესდა.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვერ შეხვდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ძველი წელის გაცილება „კაპოტზე“ მოუწიოს.  როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეებს უკეთესს ცხოვრებას უსურვებს.
„მეეჭვება ოჯახში შევხვდე ახალ წელს, ადრე ვცდილობდით ყველანი ერთად შევხვედროდით ახალ წელს მაგრამ, ახლა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიანეთში მოსახლეობასთან უნდა ვიყო. არც განსაკუთრებული ტრადიცია მაქვს, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა სულ აქეთ-იქით, სხვადასხვა რეგიონში მიწევდა ყოფნა და ამიტომ ცოტა ძნელი იყო ტრადიციების დაცვა. მთავარია ვიცოდე, რომ ხალხს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ელემენტარული მაინც ექნებათ, რომ ახალ წელს შეხვდნენ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სულაც „კაპოტზე“ შევხვდე ახალ წელს. 2018 წლისთვის ვისურვებდი, მოქალაქეებს უკეთესი წელიწადი ჰქონოდეთ, როგორც მატერიალურად, ისე მორალურად“,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
რატომ აგდებს ახალი წლის ღამეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე 14 წლის შვილიშვილს გარეთ, „კვირასთან“ საუბრისას განმარტავს, _ ამ ტრადიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახში და ამიტომ, სანამ სხვა ვინმე მივა მათთან, ამ გზით ცდილობენ სასურველი მეკვლე ჰყავდეთ. რაც შეეხება ტრადიციულ ნუგბარს, როგორც მან აღნიშნა, გოზინაყს ამზადებს საკუთარი ხელით, რომელიც მის სიძეს ძალიან მოსწონს. 
„ახალ წელს ვხვდებით ძალიან ტრადიციულად, სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. განსხვავებული, რასაც მე და ჩემი ქალიშვილი ვაკეთებთ, ეს არის, _  12 საათი როგორც კი გახდება, პატარა ფურცელზე ვწერთ ერთადერთ სურვილს, შემდეგ ვწვავთ, შამპანურის ჭიქაში ვყრით და ვსვამთ. ბავშვების პატარაობაში თოვლის ბაბუის როლს ჩემი ძმა ირგებდა, თუმცა, ახლა ჩემმა შვილიშვილებმა იციან, რომ თოვლის ბაბუა მათი დედ-მამა და ბებიაა, ამიტომ ეს ილუზიები აღარ აქვთ. კერძებიც ტრადიციული გვაქვს, მე მხოლოდ გოზინაყს ვამზადებ, რომელიც ჩემს სიძეს ძალიან მოსწონს.  ასტროლოგიის თვალსაზრისით, წელს ძაღლის წელია და სახლში უნდა ვიყოთ, ასეთ რაღაცებს მეტ-ნაკლებად ვითვალისწინებთ. მეკვლეს კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ჩემი ძმა იყო ხოლმე მეკვლე, ახლა გვეშინია ვინმე სხვა არ მოვიდეს და ჩემს 14 წლის შვილიშვილს ლუკას „გავაგდებთ“ ხოლმე გარეთ და ის შემოდის, მერე კი უკვე მშვიდად ვართ, ვისაც უნდა, ის მოვიდეს“,-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ოჯახში წინასაახალწლო მზადება გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრით იწყება.  როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ახალი წლის მზადებაში მისი მეუღლე და დედა აქტიურად არიან ჩართულები. რაც შეეხება ტრადიციულ კერძებს, ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მათ ოჯახში დამზადებულ ტრადიციულ ბაჟეს არაფერი შეედრება.
„ოჯახში წინასაახალწლოდ ნიგვზის დაჭრა იწყება გოზინაყისთვის, რომლის მცირე ნაწილი დარჩება ოჯახში, რადგან ძირითადად სხვებს ვჩუქნით ხოლმე. რაც შეხება სამზარეულოში ტრიალს, დედაჩემს და ჩემს ცოლს ძალიან მოსწონთ ეს პროცესი, დიდ სტუმრიანობას არ ველოდებით, მაგრამ ერთი-ორი ნათესავი მოვა. განსაკუთრებულ ტრადიციას რაც შეეხება, დიდი ხნის წინ დავიწყეთ მეკვლეებად შემოსვლა ჩვენივე სახლში, წელსაც მე და ჩემი შვილი ვიქნებით მეკვლე. გავალთ, თითქოს ვერავინ დაგვინახა, დავრეკავთ ზარს და გოზინაყით შემოვალთ სახლში. თოვლის ბაბუის როლი კი მე მაქვს შეთავსებული, ჩვენს ოჯახში ჩემზე უფროსი მამაკაცი აღარაა და ამიტომ საჩუქრებიც ჩემზეა. იმდენად მიყვარდა მამაჩემის გაკეთებული “ხალადეცი”, არ მეგულება საქართველოში ადამიანი ვინც ესეთ კარგ “ხალადეცსს” გააკეთებს, გარდა ამისა, ახალ წელს კი არა, ისედაც ძალიან მიყვარს ჩახოხბილი, მაგრამ ჩვენ ოჯახში გაკეთებულ ტრადიციულ ბაჟეს არამგონია, კიდე რამე შეედაროს. განსაკუთრებული და გამორჩეული ჩვენი ახალი წელი არაა, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია. გული მწყდება, რომ ადრე უფრო დიდი სუფრები იშლებოდა, ბევრი ხალხი დავკარგეთ ოჯახიდან“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
წინასაახალწლოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძი აჭარული აჩმა კი განთალების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის საახალწლო სუფრაზე აუცილებლად იქნება. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ტრადიცია მამის დედამ, მერი ტაბაღუამ დიდი ხნის წინ დაამკვიდრა და დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, წინასაახალწლო სამზადისს თავადაც კარგად ართმევს თავს, თუმცა დედის გამზადებულ კერძებს განსაკუთრებული სიტკბო და ხიბლი აქვს.
„ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და ჩვენც გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ოჯახში, ერთად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, როდესაც შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდით, იქაც ვიცავდით ამ ტრადიციას. თბილისში კი ჯერ ჩემს დედამთილთან ვხვდებით, ბავშვები არიან იქ მეკვლეები და შემდგომ ჩემთან გადავდივართ სახლში, სადაც სტუმრები მოდიან. განსაკუთრებულ კერძს რაც შეეხება, საახალწლოდაც და ისედაც, ჩვენი ოჯახის ყველა სუფრაზე, აჭარული აჩმაა, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდდა ბებიისგან. მერი ტაბაღუა გახლდათ მამას დედა და მისგან დაგვრჩა ეს ტრადიცია. წინასაახალწლო სუფრას კი ძირითადად დედა ამზადებს, ჩემი სამსახურეობრივი რეჟიმიდან გამომდინარე, აქტიურად ვეღარ ვარ ჩართული ამ პროცესში, თუმცა როცა ამის აუცილებლობაა, საკმაოდ კარგად ვართმევ თავს, მაგრამ დედას მომზადებულ სუფრას განსაკუთრებული სიტკბო და ხიბლი აქვს. საახალწლო საჩუქრების კუთხით კი ყველა ერთმანეთის თოვლის ბაბუები ვართ და ვცდილობთ, თუნდაც მცირედით გავახაროთ ოჯახის წევრები“,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა „კვირასთან“ საუბრისას.

მედიაჰოლდინგი „კვირა“ ჩვენს რესპონდენტებს და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს გისურვებთ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები