გაჩერებული გული და 121 გადარჩენილი სიცოცხლე – წლის გმირები

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები, საშუალოდ, 1600-1700 გამოძახებაზე გადიან, ყოველთვიურად კი, გამოძახებების რაოდენობა, საშუალოდ, 50 -დან 51 ათასამდე აღწევს.
მხოლოდ წელს, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის ექიმებმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში 5 მშობიარობა მიიღეს.

22 დეკემბერი: 25 წლის მრავალშვილიან დედას მშობიარობა ბინაზე დაეწყო.

„ახალგაზრდა ქალბატონს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა და ბავშვი ფეხებით იყო წამოსული. პაციენტის სახლში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მშობიარობა წარმატებით დასრულებულიყო. ახალგაზრდა დედას მეშვიდე შვილი, ვაჟი შეეძინა. ბავშვი 1,930კგ და 43 სმ-ია.
დედა და პატარა ბიჭუნა ექიმებმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში დედა-შვილი საკუთარ სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ“ – იხსენებს ბრიგადის ექიმი ვიქტორ ბაბირი.

23 ოქტომბერი: წინასწარი ინფორმაციით, ორსულ ახალგაზრდა ქალს მუცელი სტკიოდა. ადგილზე მისვლისთანავე ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზირება აუცილებელი იყო.

„მთელი დღე დატვირთული იყო. დილით უკვე სმენა უნდა გადამებარებინა, რომ დილის 7 საათზე 112-ში გამოძახება შემოვიდა და მისამართზე გავედით. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას სამშობიარო ტკივილები ჰქონდა და სამშობიაროში უნდა გადაგვეყვანა. 20 წლის გოგონას მეორე მშობიარობა ეწყებოდა. ტკივილები იმდენად ხშირი იყო, რომ გვეშინოდა მშობიარობა არ დაწყებოდა. სასწრაფოდ მანქანაში შევიყვანეთ და გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. სამივემ ოპერატიულად ვიმოქმედეთ. პაციენტის მეუღლეც ესწრებოდა ამ ყველაფერს. ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლეს თავთან ეჯდა და ამხნევებდა, ამშვიდებდა. გაფართოებული თვალებით იყურებოდა, გაოგნებული იყო, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მძღოლი – დავით ივანეიშვილიც, რომელიც სამეანო პაკეტების აღებისთვის დროს არ გვაკარგინებდა და ყველა ჩვენს მითითებას ასრულებდა. პატარას დაბადების შემდეგ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ. ჩვილი თბილად გავახვიეთ. მანქანის ღუმელი ჩავრთეთ პატარა ბიჭუნა გავათბეთ და ზუსტად 8 წუთში საავადმყოფოში ვიყავით. მამის თვალები არასდროს დამავიწყდება. ხმამაღლა იძახდა – „საოცრებაა ეს ყველაფერიო, თქვენ ახალი სიცოცხლე დაბადეთ. ამაზე დიდი ემოცია და სიხარული ჯერ არ მქონია ცხოვრებაში“ – იხსენებს უფროსი ექიმი ნინო კვირიკაშვილი.
ამ შემთხვევის დროს პატარა გაბრიელი დაიბადა. იგი ახალგაზრდა ოჯახის მეორე შვილია.
როგორც „კვირას“ ნინო კვირიკაშვილმა გაუმხილა, ექიმებისთვის მშობიარობა განსაკუთრებული ემოციაა, ისინი ახალი ადამიანის და ახალი სიცოცხლის დაბადების თანამონაწილენი ხდებიან. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი და ემოციურია ექიმისთვის, როდესაც ადამიანის გაჩერებულ გულს აამოქმედებებ. როდესაც რეანიმაცია წარმატებულია, გული საკუთარ ფუნქციას აღადგენს და პულსაცია იწყება. პაციენტს უკვე პულსაცია ესინჯება – ეს სიკვდილთან გამარჯვებაა.

2017 წელს, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ბრიგადის ექიმებმა 121 წარმატებული რეანიმაცია განახორციელეს. შესაბამისად, მათ 121 ადამიანის გაჩერებული გული აამუშავეს.
„წელს, ასეთი 2 შემთხვევა მქონდა. ორივე პაციენტი კლინიკური სიკვდილიდან გამოვიდა და გული ავამუშავეთ. ამ ემოციას ვერ აღვწერ, რას ნიშნავს, სიტყვები არ არსებობს ამ დროს. სიკვდილს რომ დაამარცხებ… და ადამიანის გულს აამუშავებ. სიცოცხლე გრძელდება“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ნინო კვირიკაშვილი.
წარმატებული რეანიმაციის შესახებ “კვირას“ კიდევ ერთი ექიმი ესაუბრება.
„წარმატებული რეანიმაცია ყველა ექიმისთვის ბედნიერებაა. ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია, სიკვდილზე გამარჯვება და სიცოცხლის გაგრძელებაა “ – ამბობს თათია თათარაშვილი „კვირასთან“ საუბრისას და რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე მომხდარ შემთხვევას იხსენებს.
„62 წლის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და დავარდა. არანაირი სასიცოცხლო მაჩვენებელი არ აღენიშნებოდა. არ სუნთქავდა და არც პულსი ესინჯებოდა. რეანიმაცია პირდაპირ ქუჩაში, ასფალტზე ჩავატარეთ. მონიტორზე ფიქსაცია გამოჩნდა, სუნთქვა დაიწყო. თუმცა, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იყო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. პაციენტმა მიოკარდიუმის ინფარქტი მიიღო, კლინიკაში კი სტენდირება გაუკეთდა. დღეს პაციენტი, ცხოვრების ჩვეული რიტმით, სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მას სიცოცხლე გავუხანგრძლივე და სიკვდილი დავამარცხე“ – ამბობს თათია თათარაშვილი.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, საკუთარ პროფესიასთან ერთად, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ხშირად მაშველის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებენ. ექიმებმა 2 წლის ბიჭუნა გადაარჩინეს.

„წყლით სავსე საცურაო აუზში ტრაპში მუხლგაჭედილი 2 წლის შეშინებული ბიჭუნა დაგვხვდა, რომლის დახმარებასაც მწვრთნელი ცდილობდა. ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე ჩავედით აუზში და შეშინებული პატარა სამშვიდობოს გამოვიყვანეთ. ბავშვს ადგილზე აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და იაშვილის სახელობის კლინიკაში გადავიყვანეთ“, – იხსენებს მაშინდელ ფაქტს ექიმი ალექსი ბალიაშვილი.

2017 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცისას, ორი დღის განმავლობაში, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების 11 ბრიგადა მორიგეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დახმარებას უწევდნენ სპეცრაზმელებს.

„სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას სპეცრაზმელებს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაბოლოს, დღემდე პრობლემად რჩება ზოგიერთი მძღოლის სამოქალაქო ცნობიერების დაბალი თვითშეგნება. ხშირად, თბილისის ქუჩებში გადატვირთული საცობების ფონზე, სასწრაფო-დახმარების ბრიგადა იმ მნიშვნელოვან წუთებს და წამებს კარგავს, რომელიც პაციენტის გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საბედნიეროდ, არიან ყველსგან გამორჩეული და განსაკუთრებული თვითშეგნების ადამიანებიც, _ თუმცა, ერთეულები.
რამდენიმე თვის წინ, დიდ საცობში მამაკაცმა საკუთარი ავტომანქანა დატოვა და სასწრაფო-დახმარების ბრიგადას გადაადგილებაში დაეხმარა. მან 2 კმ ფეხით გაიარა და ექიმებს ისე დაემშვიდობა, რომ ვინაობაც არ გაამხილა.
დღის ბოლოს კი, ამ შემთხვევის გამო, უცნობ მამაკაცს მადლობა ექიმებმა სოციალური ქსელის დახმარებით გადაუხადეს და ვიდეოც ატვირთეს.
„მთელი დღეა საცობში გვიწევს სიარული, მაგრამ ის, რაც დღეს საღამოს ამ ადამიანმა გააკეთა, სწორედ რომ თვითშეგნების საოცარი მაგალითია. ადამიანი, რომელმაც დაინახა რომ სასწრაფოს გზას არ უთმობდნენ, საკუთარი მანქანა სხვას გადააბარა და თითქმის ორი კილომეტრი ფეხით ცდილობდა ჩვენთვის გზა გაეთავისუფლებინა…ისე დავემშვიდობეთ, ვინაობაც კი არ გვითხრა. მადლობა თქვენ, უცნობო ძალიან მაგარო და კეთილო ადამიანო“ – წერს ამ ფაქტის შემსწრე ექიმი.

„კვირა“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა თანამშრომელს ულოცავს ახალ 2018 წელს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები