ნინო სუთიძე: კოდუა ჩემმა ქმარმა სცემა და დანაშაული აღიარა – მე კმაყოფილი ვარ”
„კვირასთვის“ცნობილი გახდა დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ვინაობა. ის „ტიფლის დეველოპმენდის“ დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძეა. როგორც „კვირას“ ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ განუცხადა, მისი ქმარი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა. მისივე თქმით, ნამორაძე დღეს აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუას შემთხვევით შეხვდა და მასზე შური იძია. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე. როგორც ნინო სუთიძე აცხადებს, მისი მეუღლე კოდუების ბიზნესპარტნიორი იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და კოდუებმა მას წილების დათმობა მოსთხოვეს.
„2008 წელს ერეკლე კოდუას დავალებით შემოვიდნენ ჩემს სახლში და ჩემს მეუღლეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს. ჩემი მეუღლე დაიჭირეს, გადაიფორმეს მისი ქონება. მე ჩამომართვეს ძვირადღირებული ავტომობილი „რენჯროვერი“, გადაგვახდევინეს ნახევარი მილიონი.
პროკურატურაში სარჩელი გვაქვს შეტანილი მის წინააღმდეგ, დღეს დათო კოდუას ქუჩაში შემთხვევით გადაეყარა ჩემი მეუღლე და სცემა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სცემა, მაშინ კოდუების გამო ჩვენ ქუჩაში აღმოვჩნდით. სამართალმა იზეიმა, დავით კოდუა და მისი ძმა უნდა დაისაჯონ!
ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან რომ აღშფოთდა, იმის გამო, რომ თურმე დავით კოდუა ბავშვთან ერთად იყო სალონში, მეც მყავდა რვა თვის ბავშვი, როდესაც შემომიცვივდნენ, 18 გრამი ჰერონი ჩამიდეს სახლში, იმის გამო, რომ ჩემთვის ქონება წაერთმიათ, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე სახლი გამაყიდინეს და ქუჩაში დამტოვეს. ახლა შეიცვალა ყველაფერი და სამართლიანობა უნდა აღდგეს. გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად მივა ის ბოლომდე. დავით კოდუამ და მისმა ძმამ ჩვენი ბიზნესის მთელი წილები გადაიფორმეს“, – განუცხადა „კვირას“ ნინო სუთიძემ.
აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს „ტელეიმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ ერეკლე კოდუა მისი მეუღლისთვის ნარკოტიკის ჩადებაში პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა. როგორც მან გადაცემაში განაცხადა, კოდუას დავალებითვე მას ავტომობილიც ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ერეკლე კოდუაზე თავდასხმის ფაქტი რამდენიმე საათში გახსნა. ძალოვანმა უწყებამ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაშუადღევს აბაშიძის ქუჩაძე უცნობი პირები ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან“ გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ის სასტიკად სცემეს.