პროკურორი: არსებობდა საფრთხე, პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულების მხრიდან, მოწმეებზე მომხდარიყო ზეწოლა

პროკურორმა, ელიზაბარ გოზალიშვილმა პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე გაკეთებული კომენტარისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება ოთხი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, მოსამართლემ გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა საფრთხე, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე მომხდარიყო ზეწოლა დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელებისა და საქართველოს ტერიტორიის დატოვების.
რაც შეეხება გორნაკაშვილის საქმეს, როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, როცა პროკურატურამ ბრალის წარდგენაზე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით, ამის შემდეგ მიმართა სხვა ბრალდებულებზე, რის გამოც პროცესები გაიმართა ცალ-ცალკე.
„რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. დაველოდებით, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით შესაბამისი მოქმედებები. ის არ არის ბრალდებულის სტატუსით დაკავებული და არანაირი 48-საათიანი ვადის დაცვის ვალდებულება არ გვაქვს. სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მაჩალიკაშვილის დაკავება, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვერ მოხდა მისი დაკავება. რაც შეეხება საქმესა და მტკიცებულებებს, აქ არის მოწმეთა ჩვენებები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ოთხივე ბრალდებულის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოცემული საქმიდან დამოუკიდებლად გამოძიება და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგინდება ამ საქმის გამოძიების დროს“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები