„როცა ვწერ, ჩემს სამყაროში ვარ“… – ნინო მოდრეკილაძის წინასაახალწლო ნატვრა

ქართლის ულამაზეს სოფელ თვალადში გაატარა ბავშვობა. გიორგი შატბერაშვილის სიტყვის მადლს ბავშვობიდანვე ეზიარა. სკოლა ნიკო ცხვედაძისეულ სახლში მდებარეობდა, სადაც „იავნანამ რა ჰქმნა“ დაიწერა…
11 წლის იყო, როდესაც კასპის რაიონულ გაზეთში მისი ლექსი გამოქვეყნდა. შემდეგ რაიონულ კონკურსშიც გაიმარჯვა… მას შემდეგ წერა არ შეუწყვეტია.
მრავალი კონკურსის გამარჯვებულია, განსაკუთრებით გამოარჩევს –
„ოდეონს“, „წმინდა ნინოს ჯვარს“ და „ლექსების გამოფენას“. თუმცა ამბობს, რომ,  ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ამ ქვეყნად მიუღია, შვილებია. საქველმოქმედო საღამოების მოთავე და ორგანიზატორია. პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ როცა დედა გახდა, განათლებით  დაინტერესდა და ბავშვებთან ურთიერთობა უწევს… – პოეტ ნინო მოდრეკილაძის პერსონა.

 ბავშვობა ქართლში, პატარა, მთიან სოფელში გავატარე. თვალადი – ასე ჰქვია ჩემს სოფელს. გიორგი შატბერაშვილის შემოქმედებიდან კარგად ახსოვს მკითხველს ,,თვალადური ქართულის ჭაშნიკი“ და  ,,მკვდრის მზე“.  პირველი, რაც დავინახე და აღვიქვი, მთები იყო. მერე ნელ – ნელა შევისწავლე და შევიყვარე  ყველა კუთხე – კუნჭული.
პატარა სალოცავია ჩვენთან – ,,ძლევის ქედი“, იქვე სოფლის სასაფლაო და ,,თამარის სავარძელი“ – ქვისგან გამოთლილი ორი სკამი, ბავშვები  ავდიოდით და მზის ჩასვლას ვუყურებდით, ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილება.
ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე,  ოთხი წლით უფროსი ძმა მყავს და ის რომ გაკვეთილებს  სწავლობდა, მეც ვსწავლობდი. ოთხი წლის, უკვე  ვკითხულობდი, მახსოვს, დამიძახებდნენ და გაზეთებს მაკითხებდნენ ხოლმე.
სკოლის პერიოდი
– დაწყებითი საფეხური სოფლის სკოლაში მომიწია. ეს არის დაუვიწყარი წლები ჩემთვის.  იაკობ გოგებაშვილი ხომ ყველა ბავშვისთვის საყვარელი მწერალია და ჩემთვისაც გამორჩეული იყო. მაშინ თვალადის სკოლა განთავსებული იყო ნიკო ცხვედაძისეულ სახლში, სადაც როგორც მაშინ გავიგე, თურმე ხშირად სტუმრობდა იაკობ გოგებაშვილი,  ცნობილია,  რომ ,,იავნანამ რა ჰქმნა“,  სწორედ იქ დაიწერა…  ორსართულიანი, თეთრი შენობა იყო, მოკრძალებული, სკოლის კვალობაზე.
მესამე კლასიდან სწავლა კასპის პირველ სკოლაში განვაგრძე. ყოფილ სკოლასთან შედარებით, უზარმაზარი იყო. მახსოვს, კლასებს ვითვლიდი, რომ ჩემი კლასი მეპოვნა. მალე ისიც შემიყვარდა. ვთვლი, რომ ორივე სკოლამ უდიდესი სიყვარული მიწილადა, ორივემ ჩემში ერთი მთლიანის ადგილი დაიკავა. მადლობელი ვარ  მასწავლებლების.  გამორჩეულად მიყვარს  ნათია სუხაშვილი – ჩემი ქართულის მასწავლებელი –  ის არავის  და არაფერს ჰგავს, გამორჩეული და განსაკუთრებულია.
რატომ გადაწყვიტე ჟურნალისტობა?
– ჰუმანიტარული მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება და ასე მოხდა. რამდენიმე წელი  ვიმუშავე სოციალური სფეროს კორესპოდენტად, ეს ძალიან ჩემი საქმე იყო.  რთული იყო ემოციურად, მაგრამ  როცა შედეგს ვხედავდი (იყო ასეთებიც), თითქოს ახალი ენერგიით ვივსებოდი. შემდეგ, როცა დედა გავხდი, განათლების საკითხებით დავინტერესდი და ჟურნალისტიკას ჩამოვცილდი. 
როდის დაიწყე ლექსები წერა? პირველი ლექსებირაზე იყო?
ჩემი პირველი ლექსები ბავშვური და გაუმართავი იყო. შემდეგ ნელ – ნელა დაიხვეწა. 11 წლის ვიყავი, როცა ,,ნეტავ რა ვარგო“, სამშობლოზე, ლექსი დაიბეჭდა  რაიონულ გაზეთ  ,,განთიადში“ და აქედან, გორში, მოსწავლეთა ლიტერატურულ კონკურსზე შემთხვევით აღმოჩნდა. გაიმარჯვა და კრებულში ,,ოცნება“ მოხვდა.  რედაქტორი პოეტი – ჯემალ ინჯია იყო. პირველი ცოცხალი პოეტი, რომელიც ვნახე სწორედ ის იყო და ბედნიერი ვარ, რომ ბატონი ჯემალი დღეს ჩემი უფროსი მეგობარი და გულშემატკივარია.
– „ვცხოვრობ, მიყვარს, ვწერ… – რას დაუმატებდით თქვენს ნათქვამს?
– წერა და კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. მაშინ ხომ წიგნზე ვერასდროს ვიოცნებებდი, ამიტომ ბლოკნოტებში ვწერდი და მერე  ,,ტომებად“ ვინახავდი. მაქვს სტუდენტობისდროინდელი ჩანაწერებიც. ახლა ტელეფონის წიგნში ვწერ, ასე უფრო მიადვილდება. როცა ვწერ, ჩემს სამყაროში ვარ, – ძალიან მარტო ვარ ამ დროს, საჭიროდ მარტო.
კონკურსებში ხშირად იმარჯვებროგორ ფიქრობ, კარგია თუ არა, ამდენი კონკურსი და ყველაზე მეტად რომელი კონკურსი გიყვარ?
– იყო ვერგამარჯვებული კონკურსებიც. როცა ვიმარჯვებ, ხომ დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამას  სხვა განცდაც მოჰყვება,  თავს ცუდად ვგრძნობ, ჩემში რაღაც ხდება. ის ლექსი დიდხანს არ მშორდება და თითქოს ახლის დაწერაც მიჭირს. თუმცა, ეს მუდმივად მიმდინარე პროცესია. ასეთმა კონკურსებმა ლექსები მაჩუქა, ლექსები, რომელიც მკითხველს უყვარს, გამოვყოფდი ,,ოდეონს“, ,,წმინდა ნინოს ჯვარს“ და ,,ლექსების გამოფენას.“
– ვიცი, რომ ლექსს „ქავაკაცას“ საინტერესო ისტორია უძღვის წინ… საერთოდაც, როგორ წერ ლექსს?
– ჩემი შვილი, ნიკოლოზი, მეექვსე კლასშია, ისტორიის გაკვეთილს კითხულობდა, როცა მომესმა, აჭარაში,  ქვის გამოსახულებიან კაცებს ქვაკაცებს ეძახიანო. აჭარაში მრავალჯერ  ვყოფილვარ ფესტივალ „ზეკარის“ ფარგლებში და ასეთი რამ არც მსმენია და არც მინახავს. საინტერესოდ ჟღერდა ,,ქვაკაცა“, ვნახე ფოტოც, გაკვეთილის ბოლოს, როგორც ერთ – ერთი წყარო. კაცი ეხატა, ქვის კაცი – კლდე.  ამან მოსვენება დამიკარგა, დიდხანს მაწუხებდა, მახსენდებოდა, რამდენიმე თვე…  და ერთ საღამოს ძალიან მარტივად ლექსად იქცა.
მქონდა შემთხვევაც, როცა კონკურსის ფარგლებში თემა გამოცხადდა და 24 საათში უნდა დამეწერა. ეს იყო ,,ოდეონზე“, ძალიან რთულია, თუმცა  გამოვიდა. ხშირად და ყოველდღე არ ვწერ. ამ ბოლო დროს საბავშვო ლექსებიც დავიწყე.
როგორ დაიწერატალახს ნუ შეაყრი ანგელოზს, ციციკორედა რისი თქმა გინდოდათ?
– ამ ლექსს ,,მრავალწერტილი“  ერქვა, რომელსაც მოგვიანებით მკითხველმა  სახელი შეუცვალა და ,,ციციკორე“ დაარქვა, სტუდენტობისას დავწერე. მაშინ მხოლოდ  ახლო მეგობრებმა იცოდნენ, ლექსებს რომ ვწერდი. ძალიან ჩემია ეს ამბავი.
დღემდე არ მტოვებს შეგრძნება, რომ ,,ნატვრის ხის“   პერსონაჟები ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან.  ყველაზე ძვირფასი ამქვეყნად ადამიანია, თავისი ფაქიზი სულით. სათქმელიც ეს არის და საფიქრალიც.  ამ ლექსსაც, თითქოს ბედისწერა დაჰყვაო. როცა მოგვიანებით, ლიტერატურულ ფესტივალ ,,გარას“ ფარგლებში, დაიბეჭდა,  მკითხველის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
გყავ ოჯახი და ორი ვაჟიროგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი….
მომავალი მეუღლე თხუთმეტი წლის წინ გავიცანი. მალე გავიპარეთ კიდეც.  გოგა ჩემი დიდი გულშემატიკავარია. მას ვუკითხავ ახალ ლექსებს. ყველა წარმატების უკან დგას ჩემი ოჯახი, რომელიც სტიმულს მაძლევს.  ნიკოლოზი და ერეკლე, ჩემი შვილები,  ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ამ ქვეყნად მიმიღია. ამ ყველაფრისთვის მადლობა უფალს.
წინასაახალწლო განწყობა სუფევს ახლარას ინატრებდით?
– პირველი თოვლი რომ მოვიდა, ერთ მოსწავლეს ვკითხე, თოვლი ხომ გაგიხარდა – მეთქი? – არაო, –  გარეთ ვერ გავედი, თბილი ფეხსაცმელი არ  მაქვსო. მთელი დღე დაბოღმილი დავდიოდი.  ვახშამზე, ტირილი ამივარდა, ოჯახის წევრები გაოცებულიები შემომცქეროდნენ.  ლუკმას ვერ ვყლაპავდი…
საყოველთაო დღესასწაულებზე სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას ვაჭარბებთ. მინდა მშვიდობა. სამყარო, სადაც თითოეული ბავშვი  დაცული და ბედნიერი იქნება.
საქველმოქმედო საღამოების ავტორი ხართმოგეხსენება, დღეს მწერალს, ხელოვანს ძალიან უჭირს
– ქველმოქმედება უსიყვარულოდ არ გამოვა. სიყვარულია აქ მთავარი. ერთი ადამიანი, მარტო, სხვათა თანადგომის გარეშე, ვერ შეძლებს რაიმეს გაკეთებას. რამდენჯერმე დავრწმუნდით ამაში. ლექსს, სიმღერას, ნახატს ძალიან დიდი ფასი აქვს, როცა სიკეთეს ემსახურება. დღეს თითქმის ყველა ხელოვანს უჭირს, მაგრამ როცა საქმე სიკეთის გარშემო გაერთიანებას ეხება, უკან არცერთი იხევს, ერთი წიგნით, ერთი ლექსით, რითიც შეუძლია…
მე, პირადად, წლებია, ვეძებ სამსახურს, ვაბარებ გამოცდებს, მაგრამ უშედეგოდ. ერთ – ერთი გასაუბრების შემდეგ ჩემზე უთქვამთ, ძალიან მოკრძალებულიაო… ზოგჯერ ვიბნევი და ვერ ვიგებ, რა დაკვეთა აქვს ამ საზოგადოებას, როგორი უნდა იყო, რომ თავი გაიტანო?
შესაბამისი გადამზადების საფუძველზე, ახალი პროფესია შევიძინე – კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტის. ვმუშაობ ლოგოპედად 123 – ე საბავშვო ბაგა – ბაღში, ძალიან დაბალი ხელფასით და ძალიან მაღალი მოტივაციით, რადგან ამ ქვეყნად ყველაზე ფაქიზ ადამიანებთან – ბავშვებთან მიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. ისინი უდიდეს ენერგიას მაძლევენ.
ჯილდოებიდან რომელს გამოყოფდი?
– უფრო საჩუქარს დავარქმევდი – სტუდია „შავიტის“ მიერ დამზადებული  ,,მუზა“, რომელიც ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ქართველმა ებრაელმა, ბატონმა პაატა იოსეფაშვილმა დაუკვეთა და ,,ფერნაცვალ ფიქრთან“  –  ჩემი კრებულის წარდგენაზე გადმომცა ბატონმა მაქს მეირ შავიტმა.
„წმინდა ნინოს ენდალმა“ – პირველი ადგილისა და ლექსისთვის ,,თევდორე“ და პატივდების სიგელი, რომელსაც ხელს აწერს პატრიარქი და  მასთან ერთად რამდენიმე ღირსეული საზოგადო მოღვაწე.
ორი შვილის დედა ხართ, ამ ბოლო დროს შეიმჩნევა აგრესია ბავშვებში, როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია და რა აკლიათ დღევანდელ ბავშვებს?
– ბავშვებს აკლიათ ურთიერთობები, კომუნიკაცია მშობლებთან, მეგობრებთან, თანატოლებთან. ისინი ძალიან დაღლილები არიან. დროს არ ვუტოვებთ, რომ იყვნენ ბავშვები. ბევრი ვესაუბროთ შვილებს, გავიცნოთ ისინი…
– ამას წინათ, თქვენმა თაყვანისმცემელმა მომწერა, იქნებ ნინოს პიროვნება გაგვაცნოთო… და აი, ვასრულებ მის თხოვნას ამ ინტერვიუთი, აქვე ერთი ლექსი დაგვიწერეთ…
– ლექსს „მრავალწერტილი“ ჰქვია.                                                 

ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს, ციციკორე,   
ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი…
ბედი ცაში წყდება, ბედი, თორე
უცოლოც კაცია და ცოლიანიც.
ფუფალა თუ მოარღვევს ოღრო – ჩოღროს,
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა…
შიოლა…  ყველასია,  ყველა გოგოს
უნდა კაცი სწორედ მაგისთანა…
გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი…
ბედი ცაში წყდება, ბედი თორე…
უცოლო იქნებოდა ცოლიანი.
ლოდებთან დაჩოქილს, ნანგრევთან სიკვდილი…
ჩაქოლილ ანგელოზს დასცქერის ქვის ყორე…
ერთადერთს, ერთადერთ,  დაკარგულს მივტირი
სული ტალახისთვის  ცოდვაა,  ციციკორე.

 სამომავლოდ რას აპირებთ?
– ვერაფერს. უპროგნოზო და რთულია  ცხოვრება. აქ ზოგჯერ საჭიროდ მარტო ვარ, ზოგჯერ კი – არასაჭიროდ.  რაც  დაზუსტებით ვიცი, ის არის, რომ  არ უნდა შევჩერდე.

 თამარ შაიშმელაშვილი



 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები