თეა გოდოლაძე: იალბუზი და მყინვარწვერი ორი აქტიური ვულკანია, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხეზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მყინვარის მასივზე ბევრი მიწისძვრა ხდება, თუმცა ეს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს.
მისივე თქმით, მყინვარწვერის აქტივობა ეს არის შედეგი იმ ტექტონიკური პროცესებისა, რაც კავკასიაში მიმდინარეობს.
“კვლევის მიხედვით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა, მყინვარწვერი, ეს არის ვულკანი, რომლის ბოლო ამოფრქვევაც 2500 წლის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ესეც არის საკვლევი ობიექტი. ჩვენ ცალსახად ვერაფერს ვამბობთ. მტკიცებით ფორმაში რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ ძალიან ბევრი მიწისძვრა ხდება მყინვარის მასივზე. თუმცა მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. იალბუზი და მყინვარწვერი ორი აქტიური ვულკანია, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს. თუ მიძინებული ვულკანია, მას სეისმური აქტივობა ასეთი დოზით არ უნდა ახასიათებდეს, ესაა ჩვეულებრივი ვულკანური მასივი, რომელზეც აუცილებელია მონიტორინგი ვაწარმოოთ. ბოლო სტატისტიკით, დეკემბრის მონაცემებით, 91 მიწისძვრა ხდება დღეში, ეს არის მიკრო-ბიძგები, რომელიც დამახასიათებელია ვულკანური მასივისთვის, ეს ფაქტია.
მყინვარწვერის აქტივობა ეს არის შედეგი იმ ტექტონიკური პროცესებისა, რაც მიმდინარეობს კავკასიაში. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი ტექტონიკური პროცესებია. ევრაზიის და არაბეთის ორი ფილაქნის შეჯახების ზოლში ვართ და საკმაოდ აქტიურები ვართ სეისმო კუთხით”,-განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები