„დავით კოდუას მოტეხილობები აღენიშნება სახის არეში, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა“

      თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოთავსებული დავით კოდუა ძმის ცოლმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოინახულა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დავით კოდუა სასტიკად არის ნაცემი, მოტეხილობები აღენიშნება სახის არეში, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა.
ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ექიმები დავით კოდუას უცხოეთში გადაყვანის რეკომენდაციას აძლევენ, თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება, ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, როდესაც დავით კოდუას შვილი სალონში თმის შესაჭრელად ძიძასთან ერთად ჰყავდა მიყვანილი.
ძიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სამი-ოთხი შავებში ჩაცმული, სახეზე ნახევრად ნიღაბაფარებული პირი დავით კოდუას ელექტროშოკებით თავს დაესხა.
“როდესაც ძიძამ მისი დახმარება სცადა, ნიღბიანმა პირებმა უთხრეს, რომ თუკი არ შეწყვეტდა, ჩაცხრილავდნენ”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ძიძა, რომელიც მომხდარის თვითმხილველია, ამჟამად დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ჰყავთ მიყვანილი.
“არავის არ სჯერა, რომ დავით კოდუა, რომელიც აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანია, უცხოპლანეტელებმა სცემეს, ჭიკაიძემ უნდა აღიაროს, რომ ან ვერ აკონტროლებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას და დადიან შეიარაღებული ნიღბიანი პირები, ან კიდევ უნდა აღიაროს, რომ მოქმედებენ სპეციალური ზონდერჯგუფები. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის შემთხვევის ფაქტს”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები