ვალერი გელაშვილი კოდუების მიმართ პირად ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავს
ვალერი გელაშვილმა ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო. როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, იგი კოდუების მიმართ პირად ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავს. ამასთანავე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ყოველგვარ ძალადობას ეწინააღმდეგება.
„არ შეიძლება, დღისით, მზისით, ასეთი ფაქტები ხდებოდეს, მე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. რამდენიმე წლის წინ ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავი და ჩემი ცემის ფაქტიდან 2 თვეში აბსოლუტურად ყველაფერი ვიცოდი, თუმცა ცხრა წელი ველოდი სამართალს. მაინც არასდროს მიფიქრია შურისძიებაზე, ველოდებოდი, რომ საქმეს სამართლებრივი შეფასება მისცემოდა.
ვილნიუსში რამდენჯერმე ვნახე ერეკლე კოდუა, რესტორნებში დადიოდა, მაგრამ პირად შურისძიებაზე არც კი მიფიქრია. შურისძიებას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ეგ როგორ შეიძლება“… – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ვალერი გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენს ვალერი გელაშვილს 2005 წლის 14 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე გახსნა. მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.