გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობას – ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს

ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის 5-წლიანი შეფასების საუკეთესო მაგალითია მიგრაციული სალდო – რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და რამდენი შემოდის, რაც არც ერთ წელს დადებითი არ ყოფილა.

„კარგით რა მართლა, თქვენს გულში ჩაიხდეთ, ვის დროს დატოვა საქართველო მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ყველამ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ.

თავის მხრივ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მიგრაციული სალდო ეს არის შეფასება მთავრობის, „როდესაც ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როცა თქვა, რომ ამ მთავრობის პირობებში არაფერი გვეშველება და ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეო“.

„ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან და ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უპერსპექტივოდ და გაცილებით უფრო მეტი ოპტიმიზმი ექნებათ. დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, თქვენს დროს რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი ჩვენს მოსახლეობას – როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორი კარგადაა ყველაფერი ქვეყანაში. სინამდვილეში რა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხალხმა მოგვიანებით გაიგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. მედიას დიდი როლი აქვს ადამიანების ოპტიმიზმში. მედიაში შექმნილი ფონი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანების ოპტიმიზმის მაჩვენებელში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მათ ტელევიზიები არ აქვთ და დავალებებს არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები