საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი 2017 ხვალ, Tbilisi Marriott-ში გაიმართება

თბილისში, ბარმენთა შორის საქართველოს ყოველწლიური ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატი ხვალ, 21 დეკემბერს სასტუმრო Tbilisi Marriott-ში გაიმართება.
ჩემპიონატის მისია ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება და გამოცდილების გაცვლაა. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ბარმენები (მინიმუმ 3 წლის გამოცდილებით) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, როგორც სბა-ს წევრები, ისე არაწევრები.
კონკურსის მიზანია ბარმენთა განვითარება, პროფესიონალიზმის გაცვლა, ახალი კოქტეილების გამოვლინება.
კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს ბარმენთა ასოციაცია, რომელიც 2002 წლის 2 ივლისს დაარსდა. მისი მიზანია ბარმენთა კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგები, მასტერკლასები და პროფესიონალური კონკურსების ორგანიზება.
ასევე, ასოციაციის წევრებს დიდი წვლილი მიუძღვით სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების კადრების დაკომპლექტებაში (თბილისი, ქუთაისი, ქობულეთი, ბათუმი).
სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები დაკომპლექტებულია პედაგოგებით, რომლებიც საქართველოს ბარმენთა ასოციაციის კურსდამთავრებულები არიან.
სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლება ხორციელდება, საქართველოს ბარმენთა ასოციაციის შემუშავებული სახელმძღვანელოების მიხედვით.

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან ТМ Nemiroff და ТМ Sarajishvili
კონკურსის საერთო დებულება – კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიონალ ბარმენს, რომლებიც მზად არიან გამარჯვებისთვის.
კონკურსანტს უნდა გააჩნდეს პროფესიონალური ცოდნა, გამოავლინოს ცოდნა კლასიკური კოქტეილის დამზადებაში და შექმნას მისი საავტორო კოქტეილი.
ყველა კონკურსანტი ვალდებულია დაადასტუროს მისი მონაწილეობა კონკურსში, ასევე, უნდა ეთანხმებოდეს ქვევით ჩამოთვლილ წესებს.
ყველა კონკურსანტი ვალდებული იყო მიმდინარე წლის 18 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში.
ასევე, ბარმენი კონკურსის დროს უნდა გამოიყურებოდეს ელეგანტურად და კლასიკურად.
1. კოქტეილი უნდა დამზადდეს 3 ეგზემპლარად კლასიკურ სტილში. ორი კოქტეილი ჟიურის წევრებისთვის, ხოლო ერთი ეგზემპლარი დამსწრე საზოგადოებისათვის წარსადგენად.
2. კოქტეილის მომზადების მეთოდი, კატეგორიების მიხედვით არაა განსაზღვრული.
3. კონკურსანტმა უნდა გამოიყენოს, მხოლოდ ორგანიზატორების მიერ მოწოდებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. თუ კოქტეილის შემადგენლობაში შედის ის სასმელი, რომელიც არ არის წარმოდგენილი ორგანიზატორების მიერ, მონაწილე ვალდებულია შეათანხმოს კონკურსის ორგანიზატორებთან.
4. კოქტეილი უნდა დამზადდეს 5 წუთში.
5. კოქტეილის მოცულობა უნდა შეადგენდეს 120-250 მლ-ს.
6. კოქტეილის შემადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ინგრედიენტს.
7. კოქტეილის მორთულობაში უნდა იყოს გამოყენებული ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი ნატურალური ხილი და ციტრუსები. საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტს აქვს უფლება გამოიყენოს ორგანიზატორებთან შეთანხმებით შესაბამისი პროდუქტი საავტორო კოქტეილისთვის.
8. ფანტაზიური კოქტეილი უნდა იყოს მოგონილი კონკურსანტის მიერ. არ უნდა იყოს გამოყენებული ცნობილი და მოქმედი კოქტეილების რეცეპტურა.
9. აუცილებელი პირობაა კოქტეილში გამოყენებული იყოს ბრენდი ,,სარაჯიშვილი’’ მინიმუმ 30 მლ.
10. კონკურსანტს აქვს მოსამზადებლად 15 წუთი.
11. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება მონაწილეთა თანმიმდევრობა.
12. რეცეპტი უნდა ემთხვევოდეს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ რეცეპტურას.
13. კონკურსანტის გამოსვლას აფასებს სადეგუსტაციო და ტექნიკური ჟიური.
აღსანიშნავია, რომ ახალი კოქტეილების დამზადება ქართული ინგრედიენტებით მოხდება.
შეფასების კრიტერიუმებია სტილი, ტექნიკა და პრეზენტაცია.
სტილი – ფასდება ბარმენის ვიზუალური მხარე, ჭურჭლისა და ინვენტარის სწორი შერჩევა, ასევე სანახაობრივი გამოსვლა.
ტექნიკა – ფასდება ყინულთან მუშაობის უნარი, აქსესუარების ზუსტი რაოდენობის მოხმარება, აკურატულობა, დამაჯერებელი მოქმედება, სამუშაო ადგილის სისუფთავე.
პრეზენტაცია – კონკურსანტმა პრეზენტაციის სახით, სტუმრების თანდასწრებით უნდა წარადგინოს კოქტეილი მიკროფონის საშუალებით.

ჩემპიონატის ეტაპები:
I ეტაპი: კლასიკური კოქტეილების დამზადება.
ბარმენები დაამზადებენ 1 კლასიკურ კოქტეილს 3 ეგზემპლიარად, რომელიც შეხვდებათ კენჭისყრის მეშვეობით. ამისთვის გამოყოფილია 5 წუთი.
II ეტაპი: საავტორო კოქტეილი:
საავტორო კოქტეილი წარმოადგენს უნიკალურ რეცეპტს, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის კონკურსანტის მიერ. აუცილებელი პირობაა კოქტეილი შეიცავდეს მინიმუმ 30 მლ ბრენდ „სარაჯიშვილს“. კოქტეილი უნდა დამზადდეს კლასიკურ სტილში, ანუ შეიცავდეს 5-მდე ინგრედიენტს.
საკონკურსო კოქტეილებს სბა-ს მიერ შერჩეული კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.

ტექნიკური ჟიური შეაფასებს ხელსაწყოების, ყინულის და სხვა ინვენტარის მოხმარების დროს გამოჩენილ უნარებს, მოძრაობების სიზუსტეს, სიზუსტეს დოზირების დროს და სამუშაო ადგილის სისუფთავეს. მონაწილემ უნდა წარუდგინოს კოქტეილი საკონკურსო ჟიურის.
სადეგუსტაციო ჟიური კი კოქტეილის ვიზუალს, არომატსა და გემოს შეაფასებს.
ჟიურის მიერ დაჯამებული ქულების შედეგად გამოვლინდება I, II და III ადგილების გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზს:
1 ადგილი -1 500 ლარი
2 ადგილი – 1 000 ლარი
3 ადგილი – 500 ლარი
წამახალისებელი პრიზები:
1. საუკეთესო მიწოდება (დააჯილდოვებს გაგრა+).
2. ელეგანტურობა და სტილი (დააჯილდოვებს GD-ALCO).
3. არაორდინალური გემო (დააჯილდოვებს GD-ALCO).
4. საქართველოს ბარმენთა ასოციაციის სიმპატია (დააჯილდოვებს GD-ALCO).
5. მაყურებლის სიმპატია (დააჯილდოვებს GD-ALCO).

კონკურსის ყველა მონაწილეს, გადაეცემა საქართველოს ბარმენთა ასოციაცისგან, სერთიფიკატები და ასევე სამახსოვრო საჩუქრები სპონსორი კომპანიებისგან.

საქართველოს ბარმენთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები