“მნიშვნელოვანია, კმაყოფილი იყოს მომხმარებელი და მოსახლეობას ხარისხიანი და უწყვეტი სერვისი მიეწოდოს”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ვაკანტური წევრის თანამდებობაზე წარდგენილმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სემეკის მთავარი როლი მეტი ინვესტიციის და ეკონომიკური რეგულატორების დადგენა იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კმაყოფილი იყოს მომხმარებელი და ამავდროულად, მოსახლეობას ხარისხიანი და უწყვეტი სერვისი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზისა და წყლის სახით, მიეწოდოს.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემა გახდეს უფრო თანამედროვე და უფრო ევროპული.

“სემეკში ჩემი მუშაობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ეკონომიკური საკითხები, ასევე ცალკეულ ტექნიკურ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩემი გამოცდილება, კვლევები, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სამინისტროში, ასევე, მერიის სისტემაში, ის გამოცდილება და ბაზისი იქნება, რომელზეც დაფუძნებული იქნება ჩემი სამომავლო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გახდეს უფრო თანამედროვე, კიდევ უფრო მეტად ევროპული, იყოს მეტი კონკურენცია და სექტორში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია იყოს მოზიდული. სემეკის მთავარი როლი იქნება ხელი შეუწყოს მეტ კონკურენციას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას და ეკონომიკური რეგულატორები დაადგინოს ისე, რომ ერთი მხრივ, კმაყოფილი გვყავდეს მომხმარებელი და მეორე მხრივ, ხარისხიანი და უწყვეტი სერვისი მიეწოდოს როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზისა და წლის სახით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ყოფილმა მერმა არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განაცხადა, ამ ნაწილში, რაიმე გადასახედი არ არის.

“სემეკმა 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია მიიღო. შემდეგ მიიღო გაზის სექტორში ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია, რომელიც პრინციპულად განსხვავებულია, ვიდრე ადრე არსებული მეთოდოლოგიები იყო. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ ნაწილში რაიმე გადასახედი არ არის. მეთოდოლოგია დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე არსებობს საკმაოდ კარგი ბაზა იმისთვის, რომ ტარიფები იმდაგვარად გაანგარიშდეს, რომ ერთი მხრივ, განვითარდნენ სერვისის მიმწოდებელი კომპანიები, ხოლო მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვან ტვირთად არ დააწვეს სერვისის მიმღებს – მომხმარებელს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია კომპანიებმა მიიღონ სრული გონივრული მოგება, რათა მათ შემდგომი განვითარება და შემდგომი ინვესტიციების განხორციელება შესძლონ“, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სემეკში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრებს პარლამენტი დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები