სლავიანსკში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს
პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინის ჩრდილოეთში დაკავებული ეუთოს 7 სამხედრო დამკვირვებელი დღეს გაათავისუფლეს – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი.
,,გაათავისუფლეს 12-ვე ადამიანი, ვინც ჩემს სიაში იყო“,- განაცხადა ლუკინმა. სამხედრო დამკვირვებლების გარდა სეპარატისტებმა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებიც გაათავისუფლეს, რომლებიც მათ ახლდნენ. პუტინის მითითებით, ლუკინი გუშინ უკრაინაში დამკვირვებლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა.
მანამდე სლავიანსკის თვითგამოცხადებულმა ,,სახალხო მერმა“ ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა, რომ ,,ქალაქში არსებული დაძაბული ვითარების გამო“ მზად არის დატყვევებული უცხოელების გასათავისუფლებლად.
,,აი, ახლა ყველა ჩემთან ზის და მე მათ გაშვებას ვაპირებ. ისინი ჩემი სტუმრები არიან და არ მინდა, რომ დაზარალდნენ“, – განაცხადა პონომარიოვმა.
ამ კვირაში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, ,,გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა გადაიჭრას დამკვირვებელთა გათავისუფლების საკითხი, რომელთა შორისაც გერმანიის მოქალაქეებიც არიან.“