პაატა ბაირახტარი: ეროვნული ვალუტის 8%-იანი გამყარება საწვავის ფასზე არ ასახულა

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “აფბას” საწვავის ბაზრის შემაჯამებელი კვლევა გამოაქვეყნა.
როგორც მან აღნიშნა, თვეზე მეტია, რაც მსოფლიო ბირჟებზე ჯანსაღი ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს, რასაც საქართველოში ეროვნული ვალუტის 8%-იანი გამყარებაც ემატება, თუმცა საწვავის ფასზე ეს არ ასახულა.
“გაზაფხულის მიწურულიდან ნავთობის ფასზე გლობალური ვარდნა ფიქსირდებოდა, მაგრამ ჩვენთან იგივე ტიპის საწვავი იმავე ნიშნულზე იყო.
სექტემბრის თვეში 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის თვითღირებულება 1,74 თეთრს არ აღემატებოდა, მაშინ, როდესაც იგივე ტიპის საწვავი საცალო ქსელში 40 თეთრით ძვირი ღირდა. აბსურდია, როდესაც ეს კომპანიები გამოდიან და საუბრობენ, რომ თავი ძლივს გააქვთ. შემდეგ უკვე ნოემბერში გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო, როდესაც 20-25 თეთრიანი სხვაობა ფიქსირდებოდა საცალო და საბითუმო ფასებს შორის, რაც საკმაოდ არაადეკვატურია.
ბოლოს კი, დღეს არსებული მდგომარეობით, დავინახავთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც მსოფლიო ბირჟებზე ჯანსაღი ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის 8%-იანი გამყარებაც ფიქსირდება, რაც ცოტა არ არის, თუმცა საწვავის ფასზე ეს არ ასახულა. მე მოვუწოდებ კომპანიებს, რომ გადახედონ საფასო პოლიტიკას და მეტნაკლებად მიუახლოონ გლობალურ და ეკონომიკურ პროცესებს, რომელიც რეალურად მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა აფბას ვიცე-პრეზიდენტმა.
პაატა ბაირახტარის თქმით, მთელი წლის განმავლობაში ნავთობკომპანიების ქმედებები არანაირ ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. როგორც მან განაცხადა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” ვერ დაასახელებს რა უნდა ღირდეს საწვავის ფასი ბაზარზე, თუმცა, მისივე განმარტებით, არსებული ფასები არ არის ეკონომიკური ფაქტორებიდან ნაკარნახევი.
“საბოლოოდ კი კვლევა გვაჩვენებს, რომ მთელი წლის განმავლობაში ნავთობკომპანიების ქმედებები არანაირ ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, ისინი აცდენილი არიან როგორც გლობალურ ტენდენციას, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს.
კონკრეტულად რა უნდა ღირდეს საწვავი საქართველოში, ვერ ვიტყვით, მაგრამ არსებული ფასები ნამდვილად არ არის ეკონომიკური ფაქტორებიდან ნაკარნახევი”,- განაცხადა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას”, ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები