„ყველა დამნაშავის მიმართ მკაცრი განაჩენის გამოტანაა საჭირო” – “კვირას” ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან

„ყველა დამნაშავის მიმართ მკაცრი განაჩენის გამოტანაა საჭირო. იმედს ვიტოვებ, გვეყოფა გონიერება, უკრაინის საერთაშორისო იმიჯი არ შეილახოს“ – ივანა კლიმპუშ-ცინცაძე.

“ხალხი დაიღალა ამდენი მღელვარებით, ომებით, ეკონომიკური პრობლემებით. ჩვენ გვინდა, დროულად დასრულდეს დაწყებული სასამართლო რეფორმა, განხორციელდეს ცვლილებები კონსტიტუციაში, მუშაობა დაიწყოს ახალმა უზენაესმა სასამართლომ და ამოქმედდეს ყველა ის ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც ამ პერიოდში შევქმენით“, – ამ და სხვა თემებზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კვირა:“ საქართველო-უკრაინის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ თვალშისაცემია. გახშირდა ორმხრივი დელაგაციების სტუმრობა. რა იქნება ამ ორი ქვეყნის შემდგომი ნაბიჯი?

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: მიხარია და მხარს ვუჭერ, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზეა. აღნიშნულს ადასტურებს მემორანდუმი სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა. დადებით ტენდენციებზე მიუთითებს იმ სახელისუფლებო თუ საპარლამენტო ვიზიტების რაოდენობაც, რომლებიც წლის განმავლობაში შედგა. იმედი მაქვს, ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობა ჩვენს ურთიერთობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. მიმდინარე წელს უკრაინა-საქართველოს შორის არაერთი ორმხრივი ვიზიტი განხორციელდა. კიევში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისაც ველოდებით. მომავალ წელს კი პარლამენტების სპიკერების ორმხრივი ვიზიტები შედგება, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს.

„კვირა:“ ნატოს დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან, თუმცა, გვახსოვს უკრაინის მერყევი პოზიცია ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატო არის თქვენი ურყევი არჩევანი?

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: აღნიშნულ კითხვას პასუხობს ივნისში, უმაღლესი რადას მხრიდან უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც 2003 წლის მდგომარეობას დავუბრუნდით და სტრატეგიულ მიზნად ნატოში ინტეგრაცია დავისახეთ. მართალია, 2008 წელს ნატოს წვერმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით, როგორც ვხედავთ, მათი მხრიდან ამ განცხადების შესრულების ვადები არ გამოცხადებულა.

გვესმის, რომ ნატოს წევრობა მარტივი საკითხი არ არის და წევრ ქვეყნებთან საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ პოზიციები დადებითი მიმართულებით შევაცვლევინოთ. გარდა აღნიშნულისა, მოსაწესრიგებელი გვაქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხები. მართალი გითხრათ, სანამ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს ვარკვევდით, რეფორმებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უფრო სწრაფად მოძრაობდა, დრო არ დაუკარგავს და უფრო წინ წავიდა. ჩვენ მხოლოდ შარშან მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი, შევიმუშავეთ სტრატეგიული თავდაცვითი ბიულეტენი 2020 წლამდე ვადით, რათა ყველა საკითხი ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. საშინაო დავალება ჩვენ საქართველოზე მეტი გვაქვს, ვიზიარებთ და ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გამოცდილებას.

კვირა:“ დღეს უკრაინაში პროცესები საკმაოდ არაორდინალურად ვითარდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვგულისხმობ. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს თუნდაც ნატოს წევრი ქვეყნების შეფასება და დასკვნა უკრაინის მიმართ?

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსის კონკრეტულ ქცევაზე, რომლის პასუხისგებაში მიცემას ჯერ ვერ ვახერხებთ. იმედი მაქვს, რომ უკრაინა თავისი მოქმედებებით, სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით მოახერხებს სამართლის უზენაეს წესებთან და პროცედურებთან მაქსიმალური და უპირობო შესაბამისობის გამოვლენას.
ძალიან ბევრი არაკეთილისმსურველი გვყავს, რომლებიც ცდილობენ, უკრაინაში არსებული ვითარება ქვეყნისთვის არასასურველი მხრიდან წარმოაჩინონ, რაც ცალსახად ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ბუნებრივია, ხალხი დაიღალა ამდენი მღელვარებით, ომებით, ეკონომიკური პრობლემებით. ჩვენი სურვილია, დროულად დასრულდეს დაწყებული სასამართლო რეფორმა, განხორციელდეს ცვლილებები კონსტიტუციაში, მუშაობა დაიწყოს ახალმა უზენაესმა სასამართლომ და ამოქმედდეს ყველა ის ანტიკორუფციული ორგანო, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში შევქმენით. ყველა დამნაშავის მიმართ მკაცრი განაჩენის გამოტანაა საჭირო. იმედს ვიტოვებ, ყველას გვეყოფა გონიერება, რომ უკრაინის საერთაშორისო იმიჯი არ შეილახოს.

ეკა გულუა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები