ინტერნეტთამაშების შედეგად, ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან – „კომუნიკაციების ომბუდსმენის“ რეკომენდაცია მშობლებს

გარშემომყოფებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ინტერნეტთამაშების შედეგად, ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან – ამის შესახებ „კომუნიკაციების ომბუდსმენმა“ თამთა ტეფნაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თამთა ტეფნაძემ ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებულ მექანიზმებზე და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ინტერნეტი არ უნდა იქნას განხილული ნეგატიურ კონტექსტში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ახალგაზრდებისათვის – სოციალიზაციის, თვითგამოხატვის თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც ონლაინსივრცეში არასრულწლოვანი, შესაძლოა, მარტივად გადააწყდეს მავნე ზეგავლენის მქონე აგრესიულ და ნეგატიურ ინფორმაციებს, პორნოგრაფიულ საიტებს, რომელიც მას შეცდომაში შეიყვანს და ამ ყველაფრით მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, მის მორალურ განვითარებას კი ხელს შეუშლის. გარშემომყოფებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ინტერნეტთამაშების შედეგად, ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან. დღევანდელი მოცემულობით გვაქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში იცავს მომხმარებელთა ინტერესებს, შესაბამისად, აღნიშნული რეგლამენტი გარკვეულ ვალდებულებებს აწესებს სხვადასხვა სუბიექტების მიმართ -აქ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, როგორც ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების, ისე ვებგვერდების მფლობელთა ვალდებულებები, ასევე გვაქვს “GE” დომენის რეგისტრატორის პასუხისმგებლობები. ძირითადად, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ზრდასრულთათვის განკუთვნილ მომსახურებას სერვისის პროვაიდერი კოდირებას უნდა უწესებდეს. ჩვენ გვაქვს დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციაც, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკას იმსახურებს იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ ფართო ჩამონათვალია. ერთის მხრივ, თუ გვაინტერესებს დავიცვათ ისეთი საკითხები, როგორიც არის ონლაინსივრცეში არასრულწლოვანთა დაცულობა, მეორე მხრივ, შეიძლება ზედმეტი მონდომებით საფრთხე შეექმნას გამოხატვის თავისუფლებასაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნებისათვის. შესაბამისად, ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. ამ თვალსაზრისით, მომავალში რეგულაციების დაწესებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა თამთა ტეფნაძემ.

“კომუნიკაციების ომბუდსმენმა”, ონლაინ რისკებისგან ბავშვების დასაცავად პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი იყო ჩართული, მათ შორის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიც.

თამთა ტეფნაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი დრო დაეთმო საჭიროებების განხილვას, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

„ის, რაც დღეს კანონპროექტის სახით არსებობს, უნდა ითქვას, რომ ერთგვარი გზაა, რომელიც მშობლებისთვის ქმნის ბერკეტს, რომ მათ ონლაინსივრცეში არასრულწლოვნების მოქმედებები და მათი მხრიდან მიღებული ინფორმაციის მავნეობის ხარისხი გააკონტროლონ და მოახდინონ რეაგირება. საფილტრე პროგრამა, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, რეგლამენტში ერთგვარად არსებობს. რეგლამენტი ასევე, განსაზღვრავს სერვისპროვაიდერების ვალდებულებას, ფილტრით უზრუნველყოფა მოხდეს მოთხოვნის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ საფილტრე პროგრამას არ ეხება. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სხვადასხვა სუბიექტებს უჩნდებათ სხვადასხვა ვალდებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს ონლაინსივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვას. ერთ-ერთი ბერკეტი იქნება ის, რომ საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდეს სკოლის მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის“,- აღნიშნა თამთა ტეფნაძემ.

მან ევროპულ პრაქტიკაზეც ისაუბრა.

„თუ გადავხედავთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, მეტი წილი ყურადღება გამახვილებულია მშობელთა, არასრულწლოვანთა ინფორმირებულობაზე – თუ რა რისკებთან შეიძლება ჰქონდეთ შემხებლობა ინტერნეტმოხმარებისას, გარდა ამისა, სკოლებში დანერგილია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები და ზოგადად, ევროკავშირი მხარს უჭერს უსაფრთხო ინტერნეტის პროგრამას“- აცხადებს თამთა ტეფნაძე.

„კომუნიკაციების ომბუდსმენი“ აცხადებს, რომ ონლაინრისკებისაგან მოზარდების დაცვისთვის მუშაობა კომპლექსურად უნდა მოხდეს.

თამთა ტეფნაძე ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„პრობლემას სერიოზული მიხედვა სჭირდება. საქართველოში არ არსებობს კვლევები, არ გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენ მთელი რიგი აქტივობები დავნერგეთ – მაგალითად, წელს 20 უნივერსიტეტში სტუდენტებთან გვქონდა შეხვედრები და ვცდილობდით, რომ მათთვის ელემენტარული უფლებების შესახებ მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ბერკეტები არსებობს მათი ინტერესების დაცვისათვის. მათ უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რომ ტელეკომუნიკაციების სფეროში აქვთ გარკვეული უფლებები, რომ ამ სფეროშიც არსებობს დამცველის სამსახური. ინფორმირებულობას მოკლებული მომხმარებელი და მათ შორის ბავშვი, ძალიან მარტივად ექცევა ონლაინსაფრთხეების ზეგავლენის ქვეშ და ფაქტობრვად შეუიარაღებელია“, -აღნიშნავს თამთა ტეფნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები