რა სიახლეებით ხვდებიან საქართველოს ზამთრის კურორტები სეზონს

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის. ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე. ასევე, ოფიციალურად გაიხსნა ბაკურიანში დიდველის სათხილამური ტრასა. 23 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი კოხტა-მიტარბის, სვანეთის, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა.
რა სიახლეები დახვდებათ საქართველოს ზამთრის კურორტებზე დამსვენებლებს, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე „კვირასთან“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ვრცლად საუბრობს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია .
სანდრო ონოფრიშვილი ზამთრის ტურისტულ სეზონზე სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების სიმრავლეს ელოდება.
ონოფრიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას მესტია-ჰაწვალის ახალ საბაგიროზე ამახვილებს და ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აღნიშნული საბაგიროთი მესტიის ცენტრიდან ჰაწვალის კურორტთან პირდაპირი დაკავშირება მოხდება.
„ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროეტი ეს არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა. საბაგირო 23 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და ის მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავსტრიულმა კომპანია „დოპელმაიერმა ” განახორციელა. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.ის მესტიის ცენტრიდან კურორტ ჰაწვალზე გადაიყვანს ვიზიტორებს, მათ რვა კილომენტრიანი გზის გავლა აღარ მოუწევთ. ჩვენ ასევე განვახორციელეთ მცირე ზომის საბაგირო პროექტები სვანეთის მაღალმთიან სოფლებში – უშგულში, ეცერში, უშხვანარში, მაზერსა და დაბა ლენტეხში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონტაჟი, ლენტეხის საბაგირო დასრულდება იანვარში და დანარჩენი საბაგიორებიც უახლოეს პერიოდში. ეს არის როგორც ტურისტული, ასევე, სოციალური პროექტიც, რადგან ადგილობრივ მოზარდებსაც მიეცემათ სრიალის სწავლის საშუალება. რაც შეეხება სხვა კურორტებს, ბაკურიანში რამდენიმე სიახლე გვაქვს – კინოთეატრ „დიდველში”დასასრულს უახლოვდება საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა. სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ამომწურავად გაიგონ ყველა ის სიახლე, რაც ბაკურიანს უკავშირდება. ასევე მნიშნელოვანია, რომ კოხტას და მიტარბის საბაგიროები დაერთდა ერთმანეთთან, ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს ამის გაკეთება. ასევე, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელზეც შესაძლებელია დარეკვა და ყველა კურორტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება.

მესტიას, ბაკურიანსა და გუდაურს დაემატა სამაშველო ჯიხურები და საპირფარეშოები. კურორტ გოდერძის დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, მოეწყო საბავშვო არეალი“, – აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ”, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცამ და განათლების სამინისტრომ 2016 წელს დააფუძნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, ამ სკოლის შენობის მშენებლობა უკვე დასრულდა და იანვარში ოფიციალურად გაიხსენება.
„ ეს არის ვეროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილში არსებული სკოლა, რომელიც გუდაურშია. სკოლამ ავტორიზაცია გაიარა და ოფიციალურად მოახდინა სტუდენტების მიღება საფეხმავლო და სამთო გამყოლის პროგრამებზე. სკოლაში ასევე ტარდება სასერთიფიკატო პროგრამები: ალპური გამყოლი, კლდეზე ცოცვის გამყოლი, სათხილამურო გამყოლი, თხილამურებზე სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორი და სასიმაღლო სამუშაოების სპეციალისტი. ცხრა ქართველმა ექსპერტმა გაიარა “თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის მასწავლებლის” ტრეინინგი, რომელიც მოიცავს I, II და III დონეებს. უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს ტრენინგი კურორტ გოდერძზე, ტრენინგს ატარებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ის თხილამურების ინსტრუქტაჟს უტარებს ადგილობრივ მოსახლეობას და არა მარტო მათ.
სწავლების დასრულების შემდეგ ცხრა ქართველი ექსპერტი დასაქმდება სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში და უხელმღვანელებს “თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის I დონის სასერთიფიკატო კურსს”. “თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის I დონის 6 დღიანი კურსი ჩატარდება საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე. ამჟამად კურსის ფარგლებში იგეგმება 115 აპლიკანტის გადამზადება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელია. სწავლების დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები“, -აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.
მნიშვნელოვანია ის , რომ საქართველომ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი გააკეთა.
სანდრო ონოფრიშვილს ამ კუთხითაც ოპიტიმისტური მოლოდინი აქვს და თვლის, რომ საქართველო მასპინძლის სტატუსის მოპვებას შეძლებს.
„მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. გვყვავს კონკურენტები, თუმცა არსებობს დიდი შანსები, რომ საქართველომ მოიპოვოს მანსპინძლის სტატუსი. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას. მაგალითად „ევროსპორტზე“ იქნება პირდაპირი ეთერები, საქართველოში რამდენიმე ათასი ქომაგი ჩამოვა“ – აცხადებს სანდრო ონოფრიშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ, საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400-მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამაBBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, მსგავსმა სარეკლამო რგოლებმა, საქართველოს ზამთრის კურორტებისადმი ინტერესის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
მისი ინფორმაციით,სასტუმროების უმეტესობა წინასწარ დაჯავშნულია.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად არის ჩართული პროცესში და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს ჩვენს სამთო კურორტებზე. რამდენიმე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, ვიზიტორების დიდ რაოდენობას ველოდებით ზამთრის კურორტებზე. სასტუმროების ჯავშნებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, მაგალითად გუდაურში – დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე  100%-ით არის თითქმის დაჯავშნული სასტუმროები, იანვრის ბოლოს კი ჯავშნების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს.“ – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.
„კვირა“ გთავაზობთ საქართველოს მთის კურორტების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას:
გუდაურში დამსვენებლებს 14 საბაგირო ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.
ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 20 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთი ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის. 2018 წელს გუდაურში დასრულდება 60 ნომრიანი სასტუმროს (Best Western Plus )მშენებლოა, ხოლო 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 240 საწოლი ადგილის მქონე სასტუმრო Radisson Blu Gudauri.

გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რომელიც 2015 წელს დასრულდა და ამავე წლის დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნა.
გოდერძი ზამთარში მომხმარებელს სთავაზობს ორ მცირე ზომის საბაგირო ხაზს, ასევე, 8 ადგილიან გონდოლასა და 6 ადგილიან სავარძელს. კურორტზე სასრიალო გზების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს. ფუნქციონირებს 35-ადგილიანი სასტუმრო “მეტეო” და 70 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. 2018 წელს გოდერძის კურორტზე ორი სასტუმრო – Ramada Resorts და Metro Sky Tower შევა ექსპლუატაციაში, რომლებსაც ერთდროულად 500-მდე ადამიანის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. კოხტას, მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 27 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის – დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 11%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გზების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განაპირობებს. 2018 წელს ბაკურიანში დასრულდება რამდენიმე მშენებარე სასტუმრო, რომელთა საწოლი ადგილების საერთო რაოდენობა 600-ზე მეტია.
თეთნულდის სათხილამურო გზა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ციცაბოა, რომელიც ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. სათხილამურო გზების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. კურორტზე დამონტაჟებულია 5 საბაგირო. ზამთრის აქტივობებია თხილამურებით სრიალი, თავისუფალი სრიალი, ჰელისკი, სნოუბორდი, სკიტური, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.
რაც შეეხება ჰაწვალს, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ეს სამთო-სათხილამურო კურორტი დამსვენებელს 5 სათხილამურო გზას სთავაზობს, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კურორტზე მოქმედებს „ლეიტნერის” (Leithner) და „დოპელმაიერის” (Doppelmayr) მიერ დამონტაჟებული საბაგირო. ჰაწვალზე სათხილამურო გზები იდეალურია არა მხოლოდ მოყვარული მოსრიალეებისათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც. ხანგრძლივი თოვლის საფარი ზამთრის სპორტის სახეობების მაქსიმალური განვითარებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
მესტიაში სასტუმროების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. არსებულ ინფრასტრუქტურას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატება, რომელთა საწოლი ადგილების საერთო რაოდენობა 200-ზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები