აკაკი ზოიძე: 2013 წლის შემდეგ ჯანდაცვის ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ფინანსთა ახალ მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იმ მუშაობისთვის, რაც პარლამენტთან და მათ შორის ჩვენს კომიტეტთან გასწიეს ბიუჯეტის დღევანდელი სახით წარმოდგენისათვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის იმედს მომავალში, რომ გვექნება იმ სიდიდის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის დოვლათის და სიმდიდრის მომტანი იქნება. ეს არის ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტი, მაგრამ ინარჩუნებს სოციალურ ორიენტაციას. თანხების დაახლოებით მესამედი კვლავაც მიმართულია სოციალურ დაცვაზე – 28% ბიუჯეტის და ის ასახავს იმ ტენდენციას, რაც ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში იყო, როდესაც პენსია გაიზარდა 80%-ით, მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან კიდევ უფრო მეტით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ეს საკმარისი, დღეს პენსია უნდა იყოს, ალბათ, 500-600 ლარი, ანუ საშუალო ხელფასის 50-60 პროცენტი, იმისათვის, რომ მან შეასრულოს ის დანიშნულება, რაც აქვს პენსიას. ეს არის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. მაგრამ ამას სჭირდება დაახლოებით 5 მილიარდი ლარი ანუ დღევანდელი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი. და ის, რომ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შევძლოთ რეალურად სწორედ ამ სიდიდეს მიაღწიოს პენსიამ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით თითოეუილ პენსიონერს უნდა ჰქონდეს. ამისათვის არის სწორედ მოწოდებული დაგროვებითი პენსიის რეფორმა, რათა მივაღწიოთ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეულ პენსიას. იმავდროულად ძaალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამაზე მთავრობის დასტური გვაქვს, რომ ჩვენ დღევანდელი პენსიონერებისთვის გვექნება მექანიზმი შემოთავაზებული, რომელიც იქნება ინდექსაცია ეკონომიკური ზრდის თუ ფასების ზრდის პარალელურად გაეზარდოს პენსიონერებს პენსია და პოლიტიკოსების ხელში შემყურე არ იყვნენ, როდესაც არჩევნების წინ საჯილდაო ქვად იქცევა-ხოლმე პენსიის ზრდა. ეს არის ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ვთქვათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ჩვენ ღირსეული საპენსიო სისტემა გაგვაჩნია“,- განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, 2013 წლის შემდეგ ჯანდაცვის ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა.