ნუკრი ქანთარია: ვიღაცებმა შეიძლება გააქილიკეს – ხმოსანი, მგოსანი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამას?!

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე პირველი მოსმენით მსჯელობისას განაცხადა, რომ ის მიესალმება პრეზიდენტის არჩევის წესის უცვლელად დატოვებას, თუმცა მიაჩნია, რომ ტერმინი – ხმოსანი, კონსტიტუციაში უნდა დარჩეს.
„ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ არ ვეხებით 50-ე მუხლს და ვტოვებთ. შეიძლება იურიდიულად წიაღსვლებში, მთლად მაღალი სტანდარტი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად, ვფიქრობ, გონიერი გადაწყვეტილებაა და კარგია, რომ ამაზე ჩამოვყალიბდით, მაგრამ ის ტერმინი, რომელიც არის და გვინდა, რომ შევცვალოთ, ვიღაცებმა შეიძლება გააქილიკეს – ხმოსანი, მგოსანი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ავყვეთ ამას?! არის ძალიან კარგი ქართული ტერმინი – ხმოსანი, ხმის უფლების მქონე მოქალაქე, ადამიანი. ამიტომ ფიქრობ, რომ არ არის მაინც და მაინც საჭიროება იმისა, რომ ამ კონიუნქტურას ავყვეთ და ეს ქართული ტერმინი ამოვიღოთ“, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა კარგი არაა, თუმცა ამ პროცესით იზრდება ნდობა ისეთი ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა ვენეციის კომისია.
„კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი ჯერ სტამბაში არ გაციებულა, პირობითად ვამბობ და ჩვენ აქ უკვე ცვლილებებს ვაწევთ, რაც კარგი არ არის, მაგრამ ძალიან კარგია ის, რომ ჩვენ სიტყვას ვასრულებთ და ამით იზრდება ნდობა, ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის, რასაც ვენეციის კომისია ჰქვია“, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები