ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა” გაიმართა

 8 დეკემბერს,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა”.
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში მდებარე მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურებული წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტრის ნაშთებში აღმოაჩინეს ინდოელმა არქეოლოგებმა. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.
საერთაშორისო კონფერენციაზე „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა” მოწვეულნი არიან სპეციალისტები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურიდან, გოას მსოფლიოს საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქეთევანი” დამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელი. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ პორტუგალიელი სპეციალისტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონის დაგრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში. დაგრასას ტაძარში დაცულ ფრესკაზე ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული. ფრესკის რესტავრაცია მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი: „ჩვენ გავეცანით ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის კვლევის შედეგებს, გვყავს სტუმრები პორტუგალიიდან, სადაც საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს ლისაბონში, დღეს მოვისმინეთ ამ სამუშოების შესახებ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ინდურ მხარეს, სექტემბერში ორმხრივი შეთახმების შედეგად წმინდა ნაწილები ჩამობრძანდა საქართველოში და 6 თვის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ მოილოცონ წმინდა ნაწილები. მადლობა ინდოეთის კულტურის სამინისტროს, არქეოლოგიის სამსახურს, საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ელჩს ინდოეთში, ბატონ არჩილ ძულიაშვილს, ეროვნულ მუზეუმს, რომელმაც ყველა საორგანიზაციო საკითხი აიღო თავის თავზე და კონფერენციას მასპინძლობს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეკლესიას, საპატრიარქოს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის“.
დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი: „ნებისმიერი ქართველსთვის განსაკუთრებული მოვლენა მოხდა. ჩვენ გვაქვს საშუალება, ერთი მხრივ, შევეხოთ ამ უდიდეს სიწმინდეებს და ამასთან ერთად გვქონდეს სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავიაზროთ ქეთევან დედოფალის ადგილი ისტორიაში… ასე, რომ ეს არის შეხვედრა ერთმანეთთან რწმენის და მეცნიერების“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები