კახა კალაძე: ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზარალებულთა ყველა ხარჯს ხელისუფლება დაფარავს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებთა დახმარების ხარჯებს თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაზარალებულებს პრეტენზია არ აქვთ და არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ.
“პირველივე წუთიდან და დღიდან ისნის გამგეობა და პირადად გამგებელი, ბატონი ლაბუჩიძე ამ ადამიანებთან ერთად იყო. ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას, ისნის გამგეობას ამ ადამიანებისთვის ყურადღება არ მიუქცევია”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, კალაძის თქმით, საგამოძიებო უწყებების მიერ იმ კონკრეტული ბინების დათვალიერება მიმდინარეობდა, სადაც აფეთქება მოხდა და სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
“შესაბამისად გუშინ “ თბილსერვისის” ჯგუფი უკვე შევიდა და დასუფთავება დაიწყო. დღეს დილიდან კი თბილისის ლაბორატორია შევიდა, რომელიც კორპუსის არსებულ მდგომარეობას შეამოწმებს, რამდენად ვარგისია იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. დასკვნა რომ გვექნება, სამუშაოებს აუცილებლად დავიწყებთ. თუ დასკვნა ამის საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, რეაბილიტირება ჩატარდება და საცხოვრებელი ბინები პირველად სახეს დაუბრუნდება. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ყველაფერს თავის თავზე თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება აიღებს. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი მერმა განმარტებები ერთჯერად კომპენსაციებსა და მის მიზნობრიობაზეც გააკეთა.
მისი განმარტებით, 500-ლარიანი დახმარება, რომელიც ოჯახებს გადაეცათ, მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებისა და ტანსაცმლის შესაძენად გამოიყო.
“რაც შეეხება 500 ლარს, თუ არ ვცდები, 2-3 ოჯახი იყო, ვისაც კონკრეტულად საცხოვრებელი ფართი და რაც კი გააჩნდა, ყველაფერი დაეწვა. ელემენტარული ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ და იმისთვის, რომ თავიანთი პატარებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ, ეს თანხა ამისთვის იყო გამოყოფილი. ყველა ხარჯს თავის თავზე ვიღებთ ჩვენ, ეს სარეაბილიტაციო ხარჯები იქნება, ბინების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ”, – განაცხადა კალაძემ.