გიორგი ცუცქირიძე სსფ–ის დასკვნას საქართველოს წარმატებულ რეფორმებს უკავშირებს

ბანკების ასოციაციის დირექტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო, ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით, არის ლიდერი ქვეყანა არა თუ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, ზოგადად.
მისი თქმით, სსფ-ის პროგრამა მიმდინარეობს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში“, რომლის მოცულობა ჯამში დაახლოებით 297.5 მილიონი დოლარია და რომელიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 12 აპრილს დაამტკიცა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოხსენება არის მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის წარმატებული ხასიათის დადასტურება იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის მიხედვით ხორციელდება.
„მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად იზიარებს მისიის პროგრამის პირველი მიმოხილვის შედეგებს, როდესაც ფონდმა გაზარდა ეკონომიკიური ზრდის პროგნოზი 3,5% დან 4,3%-მდე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სსფ-ის დასკვნით, საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად, უკვე იანვრიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, რაც არის ძალზე მნივნელოვანი, როგორც ფინანსური სტაბილიზაციის, ასევე საივესტიციო ნაკადების ზრდის კუთხით”- აცხადებს ცუცქირიძე.
მისივე განცხადებით, მოხსენებში სამართლიანად არის აღნიშნული ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიმართულებით გადადგა.
„მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის ფარგლებში, გასული წლის ბოლოს დაწყებულმა ფისკალურმა რეფორმამ უზრუნველყო მაღალი ფისკალური მაჩვენებლები და ყველა დაგეგმილი ეკონომიკური პარამეტრის გადაჭარბებით შესრულება. ბუნებრივია, გაზრდილი შემოსავლები იძლევა კარგ შესაძლებლობას, დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი, რაც ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდაპროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით( PPP) ერთ სულზე, 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას ამერიკულ დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება”- აცხადებს ბანკების ასოციაციის დირექტორი.
ცუცქირიძის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არათუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება და 2022 წლისათვის თითქმის მესამედით გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამთავრობო სტრატეგიის, სწრაფ ეკონომიკურ ზრადაზე ორიენტირებულ, წარმატებულ ხასიათს.
„მიმაჩნია, რომ სსფ-ის აღნიშნული პროგნოზიც აბსოლიტურად რეალისტურია, რამდენადაც საკმაოდ პერსპექტიულია არამხოლოდ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებიდან მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის ზრდა, არამედ უკვე ახალი წლიდან ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ეფექტიც, ისევე როგორც უახლოეს პერსპექტივაში ამერიკის შერთებულ შტატებთანაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლა, როგორც სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოოს იმ სიძლავრეების ნაწილის აქ გადმოტანის თვალსაზრისით. ეს შეფასებები მთლიანად თანაზიარია დღეს ჩამოყალიბებული საერთაშორისო კონტექსტისა, რომლის თანხმადაც საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციის და რეფორმების გატარების კუთხით არის ლიდერი ქვეყანა, არათუ რეგიონში, არამედ, აღმოსავლეთ-ევროპაში, ზოგადად.“- აცხადებს ბანკების ასოციაციის დირექტორი.
ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ სსფ-ის მოხსენებში საბანკო სექტორის პოზიტიურად შეფასება მოსალოდნელიც იყო. მისივე თქმით, საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა ასევე არის ძალზე მნიშვნელოვანი, რაც დაკავშირებულია ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლასთან, პილარ 2-ის ჩარჩოს ფარგლებში, რასაც ემატება საერთშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების(IFRS) დანერგვა.
აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უახლოეს წლებში ფინანასური ანგარიშგების გამარტივებას, კაპიტალის მეტ დაცულობას, რისკების კიდევ უფრო შემცირებას და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს.
„აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის და ბიზნეს-დაკრედიტების სტიმულირების თვალსაზრისით, მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody -მ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba 2-მდე გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ თუნდაც უახლოეს 2-3 წელიწადში გავაუმჯობესოთ საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი და გადავიდეთ ჯგუფში, რომელიც დღეს არსებული მაჩვენებლიდან განსხვავებით არა სპეკულატიურ, არამედ საინვესტიციო ანუ გაცილებით დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, და რეგიონში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც ამ დონის, იგივე Fitch-ის BBB -ს დონის საინვესტიციო რეიტინგს მიიღებს”, – აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები