აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები თბილისში განიხილავენ

ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. მავნებელთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების, სამომავლო გეგმების დასახვისა და რეგიონში მავნებლის გავრცელების ლოკალიზების მექანიზმების შემუშავების  მიზნით, საქართველოში მოწვეული არიან სპეციალისტები კანადიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ფორუმის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კანადაში, შვეიცარიაში, იტალიასა და ესპანეთში არსებულ ვითარებაზე  იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია და მასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს, მეცნიერებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდების შესახებ მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

კაკლოვანი კულტურების საერთაშორისო საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯუზეპე კალკანმა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მოწვეულმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ  საქართველოს ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლაში მყისიერად  ჩაერთო და რომ არა  სახელმწიფოს მიერ გატარებული  ღონისძიებები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე,  მისი გავრცელება  გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.

უცხოელი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ადგილების დათვალიერება.

სამუშაო შეხვედრების დასასრულს, შეჯერდება მოსაზრებები და შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურების როლი, ფერმერთა ჩართულობა და საზღვრების კონტროლი.

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ფორუმი საქართველოში  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  „აგროჯორჯიას”  და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის – USAID/G-HIP  მხარდაჭერით  იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები