ნუკრი ქანთარია: მხარს ვუჭერ კომპაქტურ მინისტრთა კაბინეტს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. ის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კომპაქტურ მინისტრთა კაბინეტს.
თუმცა, როგორც ქანთარიამ განაცხადა, სამინისტროების გაერთიანება არ უნდა მოხდეს რომელიმე დარგის და სფეროს დაჩრდილვით.
„სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ. თავიდანვე ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ კომპაქტურ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა სამინისტროების გაერთიანება არ უნდა მოხდეს ისე, რომ რომელიმე დარგი და სფერო დაიჩრდილოს. გარემოს დაცვის სამინისტროს არ უნდა მიადგეს არანაირი ზიანი, როდესაც ერთიანდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რადგან ერთი მომხმარებელია, ხოლო მეორემ უნდა დაიცვას. აქ გარკვეული კომპრომისები მოინახა. სპორტი და კულტურა რომ ერთიანდება, ამასაც ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ორი სხვადასხვა სამყაროა, ორივე ის სფეროა, რომელმაც სახელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და აქ ძალიან თვალსაჩინოა შედეგები.
რაც შეეხება იმას, რომ უსაფრთხოება და დაზღვევა ერთ დიდ ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბებულიყო, ამაზე უარი ითქვა და მთავრობამ გაიწვია ეს წინადადება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები