„ლეოგრანდის“ ტრაგედია – მფლობელი ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას იღებს

დიდი ტრაგედია და დიდი ხმაური  იყო – გამოძიებისგან მყისიერ რეაგირებას, დამნაშავის დასჯას, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემასა და ლამის „ლეოგრანდის“ დახურვასაც კი მოითხოვდნენ. გამოძიება ჯერ მიმდინარეობს, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა, სად გაჩნდა ცეცხლი და რატომ მოხდა ასეთი დაკვამლიანება.

ბათუმში ახლა სიწყნარეა. „ლეოგრანდის“ მეპატრონემ თითოეული ოჯახის ტრაგედია გაიზიარა. ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას სასამართლო წესით ითხოვდნენ. ამის აუცილებლობა არც დგას – სასტუმროს მეპატრონემ მათ ანაზღაურება თავადვე შესთავაზა. ამაზე ოდნავ ქვემოთ.

თუმცა, ამ ისტორიამ მაინც არ შეიძლება ჩაიაროს უკვალოდ. გამოძიება ცალკე თემაა, ისევე როგორც ცალკე თემაა, როგორ და რით დააკმაყოფილებს „ლეოგრანდის“ მეპატრონე დაზარალებულებს. თუმცა, ჯერ ქობულეთში, ახლა კი ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმების გადამოწმება უნდა დაიწყოს.

სპეციალისტების განმარტებით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დაყენება ერთი მილიონი ჯდება და მაღალი სტანდარტების დაცვა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის სავალდებულოა. რადგანაც მათ უსაფრთხოების სრული სერვისი უნდა შესთავაზონ სასტუმროში მყოფ სტუმრებს. ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხე ასეთ სასტუმროებში არ უნდა არსებობდეს.

რა თქმა უნდა, რაიმე სახის საფრთხე სამ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც უნდა გამოირიცხოს. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, არის უსაფრთხოების სისტემის სამი დონე, პირველი სავალდებულოა ყველასთვის და ის ელემენტალური ნორმების დაცვას გულისხმობს. ასევე, არსებობს სხვა დონის სისტემებიც – ეს უკვე სერვისის უმაღლესი კატეგორიაა.

უსაფრთხოების სერვისი იწყება და მთავრდება არა სახანძრო კიბით, არამედ შენობის აშენებისთანავე – დაუშვებელია ისეთი მასალების გამოყენება, რომელიც ადვილად ალდება ან რომელიც დაკვამლიანებას უწყობს ხელს. ეს საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. სამშენებლო რეგულაციების დაცვა შენობის აშენების ფასს დაახლოებით 30%-ით აძვირებს.

სახანძრო უსაფრთხოება კი მთელი სისტემაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება.

ლიფტების სისტემა – ეს სისტემა უსაფრთხოების პანელთან არის მიერთებული და როგორც კი ცეცხლი კი არა, თუნდაც სიგარეტის ბოლო ჩნდება იქ, სადაც მოწევის ზონა არ არის, სისტემა მაშინვე რეაგირებს. ლიფტი პირველ სართულზე ჩადის, კარები იღება და ითიშება, შენობაში მყოფმა სტუმრებმა რომ ვერ ისარგებლონ. თუ დენი ითიშება, მაშინ ლიფტი უახლოეს სართულამდე ჩადის, კარები იღება და ითიშება.

ელექტროსისტემა: დენის გათიშვის შემთხვევაშიც კი, სასტუმროებში მაფრთხილებელი ნიშნები არის როგორც ვიზუალური, ასევე ხმოვანი. ისინი სასტუმროში მყოფ სტუმრებს უსაფრთხო გასასვლელებს უჩვენებენ.

სახანძრო განგაშის სისტემა, როგორც კი რაღაც ხდება, მაშინვე ირთვება. არის როგორც ვიზუალური, ისე ხმოვანი.

ვენტილაციის სისტემა ხელს უშლის ალის გავრცელებას. ის სპეციალური ჩამკეტებით ხელს უშლის ხანძრის დროს ბოლის გავრცელებას.

სახანძრო კიბე სპეციალური ვენტილაციით არის აღჭურვილი. წნევას გარედან სუფთა ჰაერის ჭავლი ისე შემოაქვს, რომ კიბეზე ბოლი არ დაგროვდეს და ევაკუაციის დროს სტუმრები კიბეზე თავისუფლად გადაადგილდნენ.

წყლის ჩაქრობის სისტემა – სანამ სახანძრო მოვა, დამოუკიდებელი წყლის ავზი აქვს, რითაც ცეცხლის ჩაქრობას მომენტალურად იწყებს.

საევაკუაციო განათების სისტემა შენობას ორი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს განათებით.

მოკლედ, ეს მთელი სისტემაა, დაწყებული სამშენებლო მასალების გამოყენებით და დასრულებული მაღალი დონის უსაფრთხო სისტემების დამონტაჟებით.

საქართველოში შესაბამისი რეგულაციები მოქმედებს, თუმცა, ეს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზეა. შემდეგ უკვე ინვესტორზეა დამოკიდებული, 40-50 მილიონს ან მეტს ჰოტელის აშენებაში ჩადებს და თავიდანვე დაიზღვევს თავს თუ უსაფრთხოებაზე ფულს დაზოგავს.

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები ჰოტელებს საშუალებას აძლევს, უსწრაფესად დააფიქსიროს ხანძრის კერა, განსაზღვროს მისი ხარისხი, ჩაკეტოს მისი გავრცელების არეალი და დაიწყოს მისი ლიკვიდირება.

შენობაში კი პარალელურად მიმდინარეობს ხალხის გაფრთხილება, მათი ევაკუაცია და ამისთვის მთელი სისტემა სინქრონულად მუშაობს. ოთახებში სპეციალური სისტემები უზრუნველყოფს ჰაერის ტემპერატურასაც კი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, როგორი სისტემებით იყო აღჭურვილი „ლეოგრანდი“. ჰქონდა თუ არა მას საერთოდ სახანძრო განგაშის სისტემა, რომელსაც სასტუმროს ყველა სტუმრისთვის, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი – სასადილოში, ნომერში, საცურაო აუზში თუ საუნაში, ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ შეატყობინებდა.

ფაქტია, რომ თვითმხილველები მედიას უყვებოდნენ, რომ ხანძრის შესახებ მათ მომსახურე პერსონალისგან შეიტყვეს და რომ არანაირი განგაშის მანიშნებელი სისტემა არ ჩართულა. განგაშის ზარი არ ყოფილა. არ ყოფილა არც სასადილოში, არც ნომრებში და არც სავარჯიშო თუ საცურაო აუზის სივრცეებში.

გამოდის რომ, ვისაც გაუმართლა და დროზე შეატყობინეს ხანძრის შესახებ, ტრაგედია თავიდან აიცილა. საუნაში, სავარჯიშო დარბაზში კი ინფორმაციამ, როგორც ჩანს, ძალიან გვიან შეაღწია და მისი მიმტანი ადმინისტრაცია კი არ იყო, არამედ თავად კვამლი. თუმცა, მათ საკუთარ თავს ვეღარ უშველეს – უკვე სუნთქვაც ჭირდა და ხილვადობაც არ იყო.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების სისტემა ან დაყენებული არ იყო, ან გამართულად არ მუშაობდა. პროცესი დიდ ქაოსს უფრო ჰგავდა, ვიდრე მწყობრ სისტემას, რომელიც ყველას აძლევს მშვიდობიანად ევაკუაციის შანსს.

არადა ადმინისტრაცია ვალდებულია, დაიცვას თითოეული სტუმრის არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ მყუდროებაც.

„ლეოგრანდი“ 22-სართულიანი ჰოტელია, რომელიც თავის თავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ მიიჩნევს, აქვს კონფერენცდარბაზები და საპრეზიდენტო ნომერიც კი. „ლეოგრანდის“ მფლობელი თურქი ბიზნესმენი ეროლ ავგორენი (Erol Avgoren) განმარტავს, რომ სასტუმროში უსაფრთხოების სტანდარტები დაცული იყო. მისი ეს განცხადება კითხვებსაც იწვევს და ეჭვებსაც.

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები