,,აფექტის დროსაც რომ ასე სასტიკად ჩეხავ, ეს უკვე ფსიქიკური პრობლემების მაჩვენებელია“

ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს მომხდარმა სისასტიკემ საზოგადოება თითქოს გამოაფხიზლა, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მოზარდებში მზარდი აგრესიის მიზეზების ძიებიდან დაწყებული, არასრუწლოვნების დასჯის მეთოდებით დასრულებული.
ახლა პრობლემებს ეძებენ ყველგან – ქუჩაში, ოჯახსა და სკოლაში. უფრო ზუსტად, ეძებენ დამნაშავეს და არა პრობლემას. ამიტომაც რეაქციები უფრო აგრესიული და შურისმაძიებლურია. ფსიქოლოგები კი ყურადღებას პრობლემებზე ამახვილებენ. აგრესიიდან გამოსავალი აგრესია არ არის და ვერც იქნება.
„პრაიმტაიმს“ ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი ესაუბრა:
– ეს თემა ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ. პირველი ეს არის აგრესია ზოგადად, რომელიც ლოკალური პრობლემა არ არის და ზოგადსაკაცობრიოა და მეორე, მეორე მენტალობა – „კარგი ბიჭობის“ პრობლემა.
ბულინგის თემა ახალი არ არის, ბავშვები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები არიან. ის, რაც ახლა მოხდა, სისასტიკეში გადაიზარდა და შემზარა ექიმის განცხადებამ: „სადისტური ჭრილობები აქვსო“. აქ უკვე საქმე ფსიქიკურ პრობლემებთან გვაქვს.
ფაქტორი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათ შორის, ოჯახური გარემო. ბავშვები ძალადობას უყურებენ ოჯახებში და აგრესიულები ხდებიან; სუსტები არიან, იჩაგრებიან და შემდეგ აგრესიაში გადადიან; ხშირად ასეთი ბავშვის ინტერესები იგნორირებულია.
ვინც ასეთი სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა, მას არ შეიძლება ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეს, ძალიან საინტერესოა, იმ ბავშვის, ვინც ეს ჩაიდინა, ოჯახური გარემო როგორია. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რთულია ახლა მსჯელობა.
ისე კი, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კომუნიკაცია აღარ არის მშობლებსა და შვილებს შორის. სკოლა, საერთოდ, აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაშია. გამოწვევები შეიცვალა, შეიცვალა სამყარო, ინტერნეტის ეპოქაში ვართ და ბავშვები აბსოლუტურად სხვანაირად არიან განვითარებულები. ეს ჩვენი პედაგოგები კი დარჩნენ ისევ იქ, ჩვენი სახელმძღვანელოები გაიყინა ისევ იქ… კომპიუტერმა ძალიან შეცვალა ახალი თაობა. ამას ემატება ბუნებრივი ფაქტორები – გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული სირთულეები.
აფექტის დროსაც რომ ასე სასტიკად ჩეხავ, ეს უკვე ფსიქიკური პრობლემების მაჩვენებელია. შესაძლოა, გაბრაზდე და დაარტყა ერთხელ, დანა მოიქნიო… მაგრამ მერე აზრზე მოდის…
ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემები გამოკვეთილი არ არის. გგონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ხდებოდეს. ბავშვის ჩაკეტილობა, ემოციური აფეთქებები – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური პრობლემებია. აუცილებელი ხომ არ არის, რაღაც დარღვევაში გადაიზარდოს? ოჯახი უნდა იყოს საქმის კურსში. როგორ, დედა რომ ვარ, იმას ვერ ვხვდები, ჩემი შვილი აგრესიულია თუ აფექტური? ან რა დონეზეა აფექტური? რა პრობლემები აწუხებს? კომუნიკაცია დარღვეული და გაწყვეტილია.
ახლა რაც შეეხება მენტალობას. „კარგი ბიჭობა“, ციხეში წავა და ციხიდანაც კარგი ტიპი გამოვა – ეს ძველბიჭური მენტალობა დამღუპველია. ზოგს მართლა ჰგონია, რომ, თუ ციხეში წავა, კარგი ბიჭია. ეს ქურდები და კრიმინალები ადრე პოზიტიურად აღიქმებოდნენ რატომღაც. სოციალურ ქსელში წერდნენ, 20-25 წლის წინათ მოკლეს სპორტსმენი ბიჭი, მერე ციხეში ჩაჯდნენ, გამოვიდნენ კარგ ტიპებად, საძმოები გააკეთეს… ყველაფერი ეპატიათ. ახალგაზრდებზე ეს ამ ასაკში გარკვეულ გავლენას ახდენს… მოკლედ, ღრმა ჭაობში ვართ…
– აქცენტს უფრო სკოლაზე აკეთებთ, ვიდრე ოჯახზე?..
– ბავშვი სკოლაში ატარებს რაღაც პერიოდს, სოციალური ურთიერთობები მაინც სკოლაში ყალიბდება, ამიტომ ვაკეთებ სკოლაზე აქცენტს. სახლში როგორ არის, იცით? მშობელი ბავშვს ინდივიდუალურად უყურებს, და აქ ის გარკვეულწილად ინარჩუნებს თავის სახეს. ძალიან საინტერესოა შვილის დანახვა სოციუმში, ჯგუფში როგორ იქცევა. პედაგოგის თვალით. მანდატურის თვალით ეს კარგად ჩანს, უნდა ჩანდეს. აქ დიდია სკოლის ჩართულობა. მაგრამ მასწავლებელი ცდილობს, ზედემტი თავის ტკივილი არ ჰქონდეს. სკოლა არამხოლოდ განათლების მიმცემია, ამ დროს ყალიბდება მოზარდში ხასიათიც, თვისებებიც, იქმნება ავტორიტეტებიც… ეს იმდენად რთული ასაკია, არ ვიცი, ამას ვაცნობიერებთ თუ არა ჩვენ.
მშობელი უნდა გრძნობდეს, მის შვილს სად აქვს პრობლემა. როდის იჩაგრება ან მჩაგვრელად ხომ არ ყალიბდება. მე საოცრებებს მიყვებიან ბავშვები. ვეკითხები ხოლმე, სად იყვნენ თქვენი მშობლები, როცა თქვენ ბულინგის მსხვერპლნი იყავით და მეუბნებიან, მშობლებს საერთოდ არ გაუგიათო. მშობლები ამბობენ, ვმუშაობთ, ფული თუ არ ვიშოვეთ, რა ვქნათო… მესმის… თუმცა, შედეგიც სახეზეა. თუ მიზეზებს ვკითხულობთ, ეს არის მიზეზი, თუ გამართლება გვინდა – ოღონდ მე არ ვიყო დამნაშავე – გასამართლებელი მიზეზიც უამრავია.
მშობელი რომ ხარ, უნდა იყო ჩართული, სხვა გზა არ არის. მე პირადად ვერც სკოლას დაველოდები და ვერც მანდატურს. მირჩევნია, თავად ვიყო აზრზე, რა ხდება ჩემი შვილის თავს. იგივეს მოვუწოდებ სხვა მშობლებსაც, გესმოდეთ, სად უჭირს თქვენს შვილს, რა პრობლემა აქვს, სად ხდება გაუცხოება სოციუმისგან, ამის დანახვა მარტივია. თუ არ გცალიათ შვილებისთვის, ეს სხვა თემაა. და შედეგებიც მძიმეა.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხშირად მშობლებთან აქვთ უფრო გაუცხოება. ბავშვი ხედავს, რომ მისი არ ესმით, არ აქცევენ ყურადღებას, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ან ფიზიკურის… ხშირად მშობელი ეუბნება შვილს: დაბალ ნიშანს მომიტან და დაგსჯიო, ბავშვი იკეტება, იტყუება. ჩვენ რა გვინდა – ხუთოსანი ბავშვი თუ ჯანმრთელი თაობა?
ზოგჯერ მშობელი უფროა სამკურნალო, ვიდრე შვილი. ეტყვი რამეს და არ იღებს, ცხვირს იბზუებს. მძიმე ვითარებაა. ეს პიროვნებად ჩამოყალიბების რთული პროცესია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ბავშვებს პრობლემები მშობლებთან უფრო აქვთ. მათთან სრული გაუცხოება აქვთ. მშობლებს აქვთ საკუთარი სტერეოტიპი, საკუთარი ფორმულა იმისა, როგორი უნდა იყოს კარგი ბავშვი. ყველაზე დიდი პრობლემაა, მიუღებლობა ბავშვის, როგორც ინდივიდის. აქ იწყება სრული გაუცხოება.

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები