ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს-ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
„შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სიტყვები უძულურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ. პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ”, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები