ლევან ვასაძე: ჩემი ქვეყანა ოდესმე დაწერს ახალ კონსტიტუციას, სადაც ეწერება, რომ მთავარი არის ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე

„ჩემი ოცნებაა, რომ ჩემი ქვეყანა ოდესმე დაწერს ახალ კონსტიტუციას, სადაც ეწერება, რომ მთავარი არის ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ „დემოგრაფიული საზოგადოება 21–ის“ თავმჯდომარემ, ლევან ვასაძემ დღეს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს მიეძღვნა.

ვასაძის განმარტებით, როგორც ვიყავით ოკუპირებული კომუნისტური იდეოლოგიის მიერ, ისე ვართ ახლა ოკუპირებული ლიბერალური იდეოლოგიის მიერ.

„მითქვამს და ვამბობ: როგორც ვიყავით ოკუპირებული კომუნისტური იდეოლოგიის მიერ, ისე ვართ ახლა ჩვენ ოკუპირებული ლიბერალური იდეოლოგიის მიერ და ვართ ტუსაღები ამ მატრიცის შიგნით. ნებისმიერი პროექტი, გაფართხალება – „რა ვქნათ?“, ეს არის გაზის კამერაში რომ ხარ და რაღაც მინიმუმს გააკეთებ, მაგრამ ძირეული ცვლილება ჩვენთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფალი ინებებს ჩვენს გათავისუფლებას ამ ლიბერალური იდეოლოგიისგან. ჩემი ოცნება არის, რომ ჩემი ქვეყანა ოდესმე გახდეს პირველი მსოფლიოში, რომელიც დაწერს ახალ კონსტიტუციას. მასში ეწერება, რომ ადამიანის უფლებები არ არის მთავარი, არამედ, მაგალითად, ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. სანამ ჩვენ ამ ოკუპაციაში ვართ, უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან ყველა ჩვენი პოლიტიკოსი – ბიძინა იქნება ეს თუ მიშა, თუ ჩემი მეგობარი გიორგი მარგველაშვილი, იქნება დამორჩილებული ამ ოკუპაციას და მოუწევს დაემორჩილოს. თუ არ დაემორჩილება, აუწევენ ლარის კურსს. ერთ თვეში დოლარი გახდება 5 ლარი და ჩვენვე ჩამოვაგდებთ იმ პოლიტიკოსს, რომელიც არ დაემორჩილა მატრიცას. ჩვენ ვართ მატრიცის შიგნით“, – განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ფიზიკური გადარჩენა შესაძლებელია, თუმცა ამას ფუნდამენტური კატაკლიზმები დასჭირდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს სცილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები