საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონკურსის – ,,სუფთა რეგიონი’’ გამარჯვებული დააჯილდოვა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ კონკურსის – ,,სუფთა რეგიონი’’ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატმა, სიტყვით გამოსვლისას, კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთი სახის ღონისძიებებს, რომლებიც გარემოს დაცვაზე იქნება ორიენტირებული. მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიურ კონკურსებში დედაქალაქიც მიიღებს მონაწილეობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონკურსანტებს წარმატებები უსურვა და ნომინაციის, ,,ლამაზი ეზოს’’ გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზი და დიპლომი გადასცა.

საკრებულოს ინფორმაციით, დღესვე, განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სპეციალური სიგელი გადაეცა შპს. ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორს, ლევან ჯღარკავას. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, აღნიშნული სამსახური ყოველთვის აქტიურადაა ჩართული მსგავს ღონისძიებებში.

კონკურსი ,,სუფთა რეგიონი“ სუფთა ქალაქის, რეგიონის, მუნიციპალიტეტის, სოფლისა და ლამაზი ეზოს გამოვლენას ისახავდა მიზნად და მასში სხვადასხვა რეგიონების მცხოვრებლები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შემოსული მასალების საფუძველზე, კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია, რომელიც დედაქალაქის საკრებულოში ჩატარდა, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს, ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო. ღონისძიებას შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხეთში – მარტინა კვიკი, ასევე, სამთავრობო და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, საკრებულოს დარბაზში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც გამარჯვებული კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები იყო გამოფენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები