ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ცხედარს პირველადი გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ცხედარს პირველადი გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა და სახლში გადაასვენეს. როგორც „კვირას“ ლ.სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, ბიუროში მოზარდის ცხედარი გუშინ საღამოს მოათავსეს, ჩატარდა პირველადი გამოკვლევები, აღებულია ნიმუშები, რათა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევები გაგრძელდეს. ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოზარდის ცხედარი სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. პარალელურად, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლის მკვლელობის და დაჭრის საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღეს, სკოლის თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა გრძელდება.

„ამ ეტაპზე, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, – განაცხადეს შსს-ში.

როგორც „კვირას“ 51 -ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ განუცხადა, იგი დღეს მთაწმინდის რაიონის შს სამმართველოში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. მისი თქმით, ის და სკოლის ყველა თანამშრომელი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რათა დროულად მოხდეს დამნაშავის ვინაობის დადგენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები