“ევროკავშირის დახმარება დადებით ზემოქმედებას ახდენს მრავალი ქართველის ცხოვრებაზე”

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ 150,000-ე ბენეფიციარს დავით ჯანჯღავას იურიდიული კონსულტაციით წარმატებით სარგებლობა მიულოცეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირი იურიდიული დახმარების სამსახურს მისი დაარსების პირველივე დღიდან უჭერდა მხარს.

“ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალპროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია. დავით ჯანჯღავას მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის იმის კონკრეტული დასტურია, რომ ევროკავშირის დახმარება დადებით ზემოქმედებას ახდენს მრავალი ქართველის ცხოვრებაზე. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, ადამიანის უფლებების დაცვას.

„მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსა სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში. სამსახურმა გასული 10 წლის განმავლობაში, 150,000 ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება, რაც უდავოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პარლამენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს სამსახურის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა.

„იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის, ჩვენ მომსახურების გაწევა 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მთელს საქართველოში ხდება. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში, ჩვენი ვებგვერდისა და “Facebook”-ის გვერდის მეშვეობით, აგრეთვე, ცხელი ხაზის დახმარებითაც“, – განაცხადა მელიტონ ბენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები