პროექტის „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია გაიმართება

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში,  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაცია მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე შედგება.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცემული, წიგნის „ქართული პალიმფსესტები (კატალოგი, ტექსტები, ალბომი)“ წარდგენა  გაიმართება და გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პალიმფსესტების უნიკალური ნიმუშები.

ქართული პალიმფსესტებისადმი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება. მათი შესწავლის ისტორია ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული.

პალიმფსესტების შესწავლის საქმეში თავისი წვლილი ხელნაწერთა ინსიტუტის დამაარსებელმა, ილია აბულაძემ შეიტანა. XX საუკუნის 60-იან წლებში ილია აბულაძის ინიციატივით, პალიმფსესტური ხელნაწერების გამოვლენის მიზნით ქართულ ხელნაწერთა ხელახალი რევიზია მოეწყო. ამ საქმეში ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები ლამარა ქაჯაია და ციალა ჭანკიევი მონაწილეობდნენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში ქართული პალიმფსესტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 5000-მდე პალიმფსესტური ფურცელია დაცული. პროექტის მიზანს სწორედ ამ ხელნაწერების ტექსტების იდენტიფიკაცია წარმოადგენდა.

უკვე ცნობილი ხანმეტი ტექსტების შემცველი ხელნაწერების გარდა, კატალოგზე მუშაობისას ოთხი უცნობი ფრაგმენტი  გამოვლინდა, რომლებიც ასევე ხანმეტ ტექსტებს შეიცავს. ხელნაწერთა ერთ ნაწილში გამოიკვეთა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, თავისებური ნუსხურით შესრულებული ხელნაწერები. ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება პალიმფსესტებში დაცული ჰომილეტიკური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები.

გარდა ზემოთხსენებულისა, მრავალი სხვა საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი გამოვლინდა კვლევის პროცესში, ყველაფერი ეს კი აღწერილია აღნიშულ გამოცემაში.

კატალოგში მასალა წარმოდგენილია ფონდების მიხედვით. თითოეულ ხელნაწერს ახლავს პალიმფსესტური ფურცლების დეტალური აღწერილობა. კატალოგს ახლავს საძიებლები, ხელნაწერის რაობის, დამწერლობის სახეობისა და თარიღის მიხედვით, რათა დაინტერესებულმა მკითხველმა ადვილად მოიძიოს მისთვის საინტერესო მასალა.

პროექტის ხელმძღვანელები არიან: ქაჯაია ლამარა და ალექსიძე ზაზა, ხოლო მონაწილეები – გაფრინდაშვილი ხათუნა, გულედანი ციცინო, მიროტაძე ნათია, ხოსიტაშვილი ირმა და ჩიტუნაშვილი დალი.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები