“აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, პანელი “შესაძლებლობების ახალი კარიბჭე” გაიმართება

28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის ფორუმის გაგრძელებაა და მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას წარმოადგენს. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოდის.

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, 28 ნოემბერს 16:45 საათზე სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართება პანელი შესაძლებლობების ახალი კარიბჭე, რომელსაც მოდერატორობას გაუწევს Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი. პანელში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი ლევან ახვლედიანი, ყაზახეთის თემირ ჟოლის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კანატ ალპიშბაევ კალიევიჩი, Trans-Eurasia Logistics-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე ჰემპელი და Rewin Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ჰაილინი.

სპიკერების გამოსვლის შემდეგ პანელი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, მონაწილეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. პანელზე განიხილება შემდეგი საკითხები – საქართველო, როგორც ახალი სატრანსფერო ცენტრი, საიდანაც ტვირთი ევროპასა და აზიაში გადის ფართო სატრანსპორტო ქსელით;  ანაკლია, როგორც ლოგისტიკის ახალი ცენტრი საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტისათვის და, ასევე, ცენტრი სამრეწველო და კომერციული სერვისებისათვის; საზღვარზე საქონლის ეფექტურად გადატანის განვითარება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით;  მწარმოებლიდან მომხმარებლამდე საქონლის უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი მიტანის განვითარება; კერძო სექტორის მხრიდან ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობა ამ ახალი სატრანსფერო კორიდორის მხარდასაჭერად.

პანელის მიზანია, მოხდეს ანაკლიის პროექტის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა,   ასევე გამოვლინდება სამთავრობო და კომერციული რესურსების ხელმისაწვდომობა  – სარკინიგზო კომპანიები, ლოგისტიკის და საფინანსო პროვაიდერები – საქართველოს გავლით ტრანსფერის ხელშესაწყობად. შედგება კომუნიკაცია მწარმოებლებს, ტვირთგადამზიდ კომპანიებსა და დამფინანსებლებს შორის, რათა საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოსა და ანაკლიაში.

თანამედროვე “აბრეშუმის გზა” წარმოდგენილია საავტომობილო გზებით, რკინიგზითა და საზღვაო მარშრუტით, რაც უზრუნველყოფს ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე საქონლის უპრეცედენტოდ მარტივად, იაფად და ეფექტურად გადატანას. საქართველო მდებარეობს ამ ახალი ფართო ქსელის ცენტრში და წარმოადგენს ძირითად სატრანსფერო ცენტრს აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და ინდოეთის ტერიტორიებს შორის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ტვირთის გადასატანად. აზიაში არსებულ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ევროპამდე გადაიტანონ საკუთარი პროდუქცია რეკორდულ დროში შემცირებული ხარჯებით. იგივე ვრცელდება ევროპაში არსებულ კომპანიებზეც.    

საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფიზიკური და საკანონმდებლო ბარიერების შემცირების, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სერვისების განვითარების თვალსაზრისით, რათა ქვეყანა გადაქცეულიყო მიმზიდველ და ლოგიკურ ცენტრად, საიდანაც მწარმოებლები და მიმწოდებლები საკუთარ მომხმარებლებს საქონლით მოამარაგებდნენ.  კერძოდ, საქართველოს ანაკლიის პორტი და ქალაქ ანაკლიის თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელიც მშენებლობის პროცესშია, იქნება საუკეთესო სტრატეგიული ადგილი, სადაც საავტომობილო მაღალი ხარისხის გზები, რკინიგზა და საზღვაო მარშრუტები ერთად მოიყრის თავს. აღნიშნული ტერიტორია ასევე იქნება სამრეწველო და კომერციული ცენტრი.    

საქართველო ასევე ყალიბდება გაფართოებული ფუნქციის მრეწველობის ცენტრად, რაც, თავის მხრივ, ქმნის განსაკუთრებულ სატრანსპორტო კავშირებს აზიასა და ევროპაში პროდუქციის საექსპორტოდ.   

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები