ყაზახეთში წამებით მოკლული ქართველის ისტორია – გაუხმაურებელი ამბის სკანდალური დეტალები

საქართველოს მოქალაქე, 36 წლის ლევან ცისკარიშვილი ყაზახეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. დაკავებულია 6 პირი, სამი კი, იძებნება. საქმეს ყაზახეთის პოლიცია იძიებს. გაუხმაურებელი მკვლელობის დეტალები „პრაიმტაიმს“ მოკლულის დედამ, ლეილა ისმაილოვამ მოუყვა. მისი თქმით, შვილი იმ 26 მილიონის გამო მოუკლეს, რომელიც მას ჰონკონგში ანგარიშზე ჰქონდა…  საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზე პასუხსაც ლეილა ისმაილოვა გამოძიებისგან ითხოვს. ის ყვება ისტორიას და დეტალურად იხსენებს თვეებს, რომელიც შვილის ძებნაში გაატარა.

ლევან ცისკარიშვილმა ოჯახს, ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით წასვლასთან დაკავშირებით, ინფორმაცია 2017 წლის მარტში მიაწოდა. მისი თქმით, ერთკვირიანი სამუშაო უნდა შეესრულებინა და უკან მალევე დაბრუნდებოდა, ხარჯებს კი, მასპინძელი მხარე აუნაზღაურებდა.

ლეილა ისმაილოვა: „მე საბერძნეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ, 2017 წლის მარტში ერთი თვით ჩამოვედი და საღამოს ლევანმა მითხრა, რომ ყაზახეთში მიდიოდა. ჩვენ მატერიალური პრობლემები გვაქვს, ამიტომ დავინტერესდი, სად მიდიოდა და საიდან ჰქონდა ფული გასამგზავრებლად? ამ კითხვაზე განმიმარტა, რომ სამუშაოდ ეძახდნენ. ბილეთის ფულსაც გამომიგზავნიან და ბინა, კვება ყველაფერი მათი იქნებაო. მე არ დავუჯერე და  13 მარტს 10 საათზე საღამოს აეროპორტში წავიყვანე, მინდოდა თვითონ მენახა და დავრწმუნებულიყავი, ვინ გზავნიდა ბილეთს. დავინახე, რომ ბილეთი დაჯავშნილი იყო. მითხრა, რომ ჩასვლისთანავე დამირეკავდა. 14 მარტს დამირეკა “სკაიპით”, დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩავიდა, დახვდნენ და დაბინავდა“.

ლეილა ისმაილოვას თქმით, მის შვილს ყაზახეთში კომპიუტერთან დაკავშირებული სამუშაო უნდა შეესრულებინა.

„განათლებული ბიჭი იყო. სწავლა უყვარდა. ორი უნივერსიტეტი დაამთავრდა და შემდეგ უკრაინაში წავიდა. იქ ისწავლა კომპიუტერები. მითხრა, რომ ყაზახეთში ერთკვირიანი სამუშაო უნდა შეესრულებინა. თქვა, რომ დაავალეს საქმე კომპიუტერში და ის უნდა გაეკეთებინა, წვრილმანებში არ შევსულვარ…“

ყაზახეთში ჩასვლის დღიდან, 20 აპრილამდე, ლეილა ისმაილოვა შვილს “სკაიპში” ელაპარაკებოდა, 15 აპრილიდან კი, საეჭვო გარემოებებიც შეამჩნია… გაუჩნდა კითხვა, რატომ არ ბრუნდებოდა ლევანი, როცა შრომითი შეთანხმებით სამუშაო ერთ კვირას მოითხოვდა.

„მითხრა, რომ ერთი კვირით მიდიოდა, თუმცა ერთი თვე გავიდა. ამ ერთი თვის განმავლობაში სულ ერთ ადგილზე იჯდა და მის უკან ვიღაც დადიოდა. ვკითხე, ვინ იყო მასთან ერთად… ლევანი ეძახდა მათ: „მოდი, დედაჩემს თქვენი გაცნობა უნდა…“ ყოველდღე სხვადასხვა პიროვნებას მიმართავდა სხვადასხვა სახელით. როდესაც ვკითხე, როდის ჩამოდიოდა, დავინახე, როგორ მოიკიდა ყელზე ხელი, შემეხვეწა და თქვა: „ქართულად საუბრის უფლებას არ მაძლევენო“. ქართულად საუბარი აუკრძალეს, რომ  გაეგოთ, რას ლაპარაკობდა და, ასევე, უთხრეს, რომ ჩემთან ისე ელაპარაკა, ეჭვი არ ამეღო… არ ველოდი, რომ ასე ღრმად წავიდოდა საქმე. მოუხერხებელი არ ვარ. მოვიფიქრე, რომ რუსულად დავლაპარაკებოდი და ქართულად მიმეწერა: „ლევან დამიწერე შენი მისამართი, სად იმყოფები“. ლევანი წაიკითხავდა, წაშლიდა და წერდა: „არ ვიცი“.

ლეილა ისმაილოვას თქმით, მას შვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა და მიხვდა, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ ყველა იმ ნომრის ამოწერა დაიწყო, საიდანაც შვილი ურეკავდა და ყველა იმ პირის სახელს იმახსოვრებდა, ვისაც ლევანი მიმართავდა, ცდილობდა, მათი აგრესია არ გამოეწვია და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო.

„ჩემი შვილი წვალებით გავზარდე. 4 წლამდე საუბარი და სიარული არ შეეძლო, ვიბრძოლე და ყველაფერი შევძელი. ბაღში ერთად დავდიოდით, სკოლაში ერთად, უნივერსიტეტში ერთად, სულ ჩემთან იყო. მისთვის მარტო დედა და სწავლა არსებობდა. მე მისი ყოველი ნაბიჯი, ყველა მეგობარი ვიცოდი. მათ შესახებ ჩემთვის ვიწერდი“.

20 აპრილიდან 28 მაისამდე ლევანთან კონტაქტი გაწყდა. ხანდახან წერდა, რომ საღამოს დაურეკავდა, თუმცა, ლეილა ისმაილოვას თქმით, ლოდინში ბევრი საღამო გავიდა. 28 მაისს კი ლევანი გამოჩნდა და დედას სკაიპში დაურეკა. ნაცემი იყო…

„საბერძნეთში დავბრუნდი და ერთ დღეს, როცა სამსახურიდან სახლში მოვედი, დავინახე, რომ ჩემს ტელეფონზე ყაზახეთიდან ძალიან ბევრი ზარია შემოსული. ყველა ეს ტელეფონი ამოვიწერე… 20 აპრილიდან 28 მაისამდე ლევანთან კონტაქტი შეწყდა. ზოგჯერ მწერდა: „საღამოს ვილაპარაკოთ“. მთელი ღამე ველოდებოდი და არავინ რეკავდა. 28 მაისს სკაიპში ნარეკები დამხვდა. გადავრეკე და ჩემი შვილი ვერ ვიცანი… მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, დავინახე, რომ ხელი გასიებული ჰქონდა, მაიკა დაჭრილი და ხელიდან ახალი სისხლი მოსდიოდა. ყვირილი დავიწყე, შეშინებული ვიყავი და ვკითხე, რა მოუვიდა: მითხრა, პურს ვჭრიდი და ხელი გავიჭერიო… მე მას ვუყურებდი, ის კი გვერდით იყურებოდა. ვყვიროდი, ვინმესთვის დაეძახა… რუსულად უთხრა ვიღაცას, დედაჩემი გეძახის, პახან, მოდიო. ვიღაც კაცი მოვიდა და დაჯდა“.

უცნობმა მამაკაცმა ლეილა ისმაილოვას 2300 ევროს გადარიცხვა მოსთხოვა, იმ მიზეზით, რომ ლევან ცისკარიშვილს სასტუმროსა და ცხოვრების ხარჯი ჰქონდა დასაფარი.

„მითხრა: „ლევანს ჩვენი ვალი 2300 ევრო აქვს. აქ იმყოფება 2 თვე-ნახევარია. მისი ხარჯები და სასტუმრო დასაფარიაო“. ფული არ მქონდა, მაგრამ შვილი რომ ასეთ მდგომარეობაში დავინახე, რას არ ვიზამდი, ვუთხარი, არ ეცემათ ჩემი შვილი და ნახევარ საათში გადავურეკავდი. შოკში ვიყავი, მეგობარს დავუძახე და კიდევ გადავრეკე. ჩემს შვილს ჟაკეტი ეცვა. კანკალებდა. მითხრა, რომ ციოდა.  ვკითხე, რა მისამართზე გამეგზავნა ფული, რომ იქნებ ის მაინც გამეგო, სად იმყოფებოდნენ. სახელი და გვარი ვკითხე, თქვა, რომ  გიოქან ალიევი იყო. მოგვიანებით კიდევ გადავრეკე. ლევანი ისევ ახალი ნაცემი იყო.  მაინტერესებდა, ტანზე როგორ გამოიყურებოდა, ვთხოვე, ამდგარიყო და მაიკა აეწია. დავინახე უთოს კვალი სხეულზე… ის კაცი ისევ მის გვერდით იჯდა და მითხრა, რომ ლევანს 26 მილიონი ჰქონდა. ერთ-ერთ ბანდის წევრს დააწერინეს მინდობილობა და ლევანს ხელი მოაწერინეს, რომ თანხა გამოეტანა. ის წავიდა ჰონკონგში და მილიონ-ნახევარი გამოიტანა. დაურეკა მათ, რომ ლევანს ფული ბანკში მართლა ჰქონდა.  ჩინეთის პოლიციამ დაიჭირა ეს ადამიანი. უკითხავთ, ვისი ფულია, ვისი მინდობილობაა და მის მაგივრად რატომ იღებდა ფულს. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო და დაიწყეს ლევანის ძებნა, რომლის სახელზეც ჩინეთის ბანკში 26 მილიონი იყო. ყაზახეთის პოლიციამ ლევანის ძებნა დაიწყო“.

ლეილა ისმაილოვა იხსენებს, რომ ლევან ცისკარიშვილი სახლში საუბრობდა იმ მილიონებზე, რომელსაც ფლობდა, თუმცა არავინ უჯერებდა. მისი თქმით, ლევანს თანხის ანგარიშიდან გამოტანა უნდოდა, თუმცა საქართველოს ბანკები დიდ პროცენტს სთხოვდნენ და ამ პირობებს ლევანი არ თანხმდებოდა.

კითხვაზე, საიდან ჰქონდა ლევან ცისკარიშვილის ბანკში 26 მილიონი, ლეილა ისმაილოვა ზუსტ პასუხს ვერ იძლევა. მისი თქმით, ლევანი ამბობდა, რომ ფული შესრულებული საქმისთვის გადაუხადეს და ეს ყველაფერი კანონიერი იყო, საბუთებით დადასტურებული.

„მოგვიანებით გავიგე, რომ ლევანმა  ყაზახებს 26 მილიონი დოლარის შესახებ უთხრა. ალბათ, თავი გამოიჩინა. აქაც, საქართველოში ბევრჯერ ამბობდა. მე ამ თემაზე ლაპარაკი ავუკრძალე. „დედა, თუ გინდა მე ყველა საბუთს გაჩვენებ, რომ ჩემი შრომით ვიშოვე ფულიო“, – ამბობდა. ამ ხალხს არ ეყო ის, რაც ლევანმა გააკეთა და უნდოდათ, მისი ფული თავის სახელზე გადაეტანათ“ .

28 მაისის შემდეგ ლევან ცისკარიშვილი ისევ გაუჩინარდა… ამის შემდეგ დაიწყო უძილო ღამეები და უპასუხო ზარები… ლეილა ისმაილოვას თქმით, წერდა ყველას, ვისი ნომრიდანაც ერთხელ მაინც დაურეკა შვილმა… თავდაპირველად მოთხოვნილი 2300 ევროდან 100 გადარიცხა და პასუხიც მიიღო: „მადლობა, დედა“, თუმცა მიხვდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო…

„იმ ნომრებზე ვრეკავდი, საიდანაც ლევანი მირეკავდა, სად არის ჩემი შვილი-მეთქი, განუწყვეტლივ ვწერდი. ეტყობა, შეწუხდა და მომწერა: „ლეილა ხანუმ, თქვენი შვილი ჩვენგან წავიდაო“. მე მივხვდი, რომ მხეცები არიან, მაგრამ ვიცოდი, ტკბილი სიტყვა უფრო გაჭრიდა. ვთხოვე, წასულიყო პოლიციაში და განეცხადებინა მისი დაკარგვის შესახებ… შემდეგ მივწერე, რომ მე ჩავიდოდი და ამდენი ხნის დუმილის შემდეგ მომწერა, ჩამოდი, დაგხვდებიო. ჩემი ეჭვები გამძაფრდა…“.

ლევან ცისკარიშვილის ოჯახმა საქართველოს შს სამინისტროში განცხადება შეიტანა, რომ საქართველოს მოქალაქე ყაზახეთში დაიკარგა და ყველა ის ინფორმაცია, მისამართი და ტელეფონის ნომრები მიაწოდა, რომელიც ჰქონდა. სამინისტრომ, თავის მხრივ, განცხადება ყაზახეთს გადაუგზავნა, რომელმაც გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ლეილა ისმაილოვა, როგორც თავად ყვება, ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და ცნობებს ვერც ყაზახეთიდან იღებდა და ვერც საქართველოდან. ლეილა ისმაილოვა ამის გამო პასუხს ითხოვს…

როგორც შსს-მ „პრაიმტაიმს“ განუმარტა, მათ განცხადება ყაზახეთს გადაუგზავნეს. რაც შეეხება გამოძიებაში მონაწილეობას, მათ ამის უფლება არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

„მას მერე, რაც შსს-ში შემოვიდა გარდაცვლილის ოჯახის წერილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ყაზახეთის მხარეს აღნიშნულის გარკვევისთვის მიმართა. მივიღეთ საპასუხო წერილი ყაზახეთის მხრიდან, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მოხდა მკვლელობა და გარდაცვლილი იყო ახალგაზრდა მამაკაცი. ასევე, გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ხუთი პირი და ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია წერილობითი სახით გარდაცვლილის ძმას გადავეცით. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ. გამოძიებას ყაზახეთის მხარე აწარმოებს და  გამოძიებაში ჩართული ვერ ვიქნებით, რადგან დანაშაული მათ ქვეყანაში მოხდა.  ჩვენ ოჯახის სურვილი დავაკმაყოფილეთ და გავაცანით ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გქონდა“, – განგვიცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

მანამ, სანამ ლეილა ისმაილოვა შვილის მკვლელობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებდა, 18 ოქტომბერს ყაზახეთიდან შეტყობინება მიიღო. გაირკვა, რომ ლევან ცისკარიშვილის საქმის გამომძიებელი წერდა. ლეილა ისმაილოვას შვილის პოვნის იმედი მიეცა…

„18 ოქტომბერს, საღამოს, ვაიბერში მომივიდა წერილი: „გამარჯობა, მე ლეოს შესახებ ვრეკავ“. დავიწყე ამ ტელეფონზე დარეკვა, ყურმილს არ იღებდნენ და მივწერე, მითხრა, რომ გამომძიებელი იყო ყაზახეთიდან და შსს-ს მიერ გაგზავნილი წერილი გამომიგზავნა. მითხრა, რომ  ყაზახეთის უდაბნოში იყო  და ჩემი შვილის კვალს მიაგნო. იმედი მომეცა. დამამშვიდა, რომ ვიპოვიდით. 26 ოქტომბერს დამირეკა და მაცნობა, რომ გვამი იპოვეს და ვარაუდობდნენ, რომ ჩემი შვილი იყო. რადგან ჩემს შვილს პასპორტი და პირადობა არ ჰქონდა, ეჭვი შემეპარა. მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი ამოსაცნობად“.

ლეილა ისმაილოვა ყაზახეთში წავიდა… რეალობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი ჰქონდა… გამოძიების ცნობით, მისი შვილი წამებით მოკლეს…

„მითხრეს, რომ ჩემი შვილი 21 ივლისს  წამების დროს შემოაკვდათ. ცხედარი კი 2 თვის შემდეგ იპოვეს. თავდაპირველად უდაბნოში დამალეს, როცა მე ვწერდი და ვაწუხებდი, კვალის არევა უნდოდათ და 300 კილომეტრის მოშორებით ყარაგანდაში წაიყვანეს. ვიღაც ბიჭებისთვის ფული მიუციათ, გაუთხრიათ მიწა, ჩაყარეს ყველა მისი ნივთი, 5 ლიტრი ბენზინი ჩაასხეს და დაწვეს. მინდოდა, ჩემს შვილს მაინც მოვფერებოდი, მაგრამ მაჩვენეს ფოტოები: ძვლები ვნახე მხოლოდ… კომპიუტერით ფოტორობოტი აღადგინეს და მე ამოვიცანი ჩემი შვილი. ერთ-ერთ მანიაკს ვიდეო ჰქონდა გადაღებული, სადაც ჩანდა, როგორ აწამებდნენ. უთოთი დამწვარი და დაჩირქებული იყო ვიდეოში…

დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს… გაირკვა, რომ ერთხელ ლევან ცისკარიშვილმა გაქცევა მოახერხა და საავადმყოფოშიც მივიდა. იქ ორი დღე დაჰყო, თუმცა, ბრალდებულებმა მალევე იპოვეს… დაკავებულები არიან ექიმები, რომლებსაც ჰქონდათ ვალდებულება, განეცხადებინათ პირის შესახებ, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ნაცემი მივიდა…

ლეილა ისმაილოვას თქმით, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩო ყაზახეთში. როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დარჩენილია პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გადმოსვენების პროცედურა, რაშიც ჩაერთვება საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოჯახს დახმარებას გაუწევს. მოკლულის გადმოსვენების პროცედურა ჯერ არ დაწყებულა… გამოძიება დნმ-ის პასუხს ელოდება, რათა ოფიციალურად დადასტურდეს ლეილა ისმაილოვას გენეტიკური კავშირი მოკლულ ლევან ცისკარიშვილთან…

 

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები