აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა
”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა,-ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები.
როგორც მინისტრი ამბობს, ხანძრის შედეგად აღნიშნულმა მოქალაქეებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. ისინი ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდთან” სახანძრო მანქანები ისევ რჩებიან. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.
ადგილზე ვითარების გასაცნობად თბილისიდან ბათუმში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გაემგზვრა შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ბრისუელიდან ბათუმში ჩაფრინდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.