კახა კალაძე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ სასტუმრო „ლიო გრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-4 და მე-5 სართულს გაუჩნდა. ამ დროის ინფორმაციით დაღუპულია 11 და დაშავებულია 19 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.
სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.