მეუფე იოანე: მოსაყდრედ დადგენა პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას არ ნიშნავს

რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსაყდრედ დადგენა პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას არ ნიშნავს.
მისივე თქმით, მას პატრიარქის მოსაყდრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და საკითხი სინოდის ბოლო სხდომაზეც არ განუხილავთ.
„ბოლო სხდომაზე დღის წესრიგში სხვა საკითხები იყო, თუმცა, მე პატრიარქის ყველა კურთხევას ვეთანხმები“, – აღნიშნა რუსთველმა მიტროპოლიტმა.
მეუფე იოანე თქმით, მოსაყდრედ დადგენა პირდაპირ მემკვიდრედ დასახელებას არ ნიშნავს.
„მას პატრიარქის დახმარება მოუწევს. უწმინდესი ვისაც აკურთხევს, მე მას მხარს დავუჭერ“, – ამბობს რუსთველი მიტროპოლიტი.
მეუფე შიო მუჯირის რუსეთში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით, მეუფე იოანე აღნიშნავს, რომ რუსეთში განათლება ბევრ სასულიერო პირს აქვს მიღებული და ეს არაფერს ნიშნავს.
„სასულიერო განათლება ბევრს აქვს მიღებული რუსეთში, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დროს, მათ შორის, _ მეც. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკასა და რელიგიას“, – ამბობს რუსთველი მიტროპოლიტი.
შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ, ილია მეორემ ბრძანება წაიკითხა, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები