“საქართველო ბედნიერია, რადგან გვყავს ისეთი პატრიარქი, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ნებისმიერ წმინდანს”

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ქაშუეთის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღავლინა.
მიტროპოლიტმა სრულიად საქართველოსა და ილია მეორეს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ერი დღეს ბედნიერია იმით, რომ ჰყავს ილია მეორე. მან წმინდა გიორგის შესთხოვა პატრიარქის გამხნევება, რადგან თავად წმინდა გიორგისაც სჭირდებოდა ეს და უფალი ამხნევებდა.
“ჩვენ, ქართველები ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენ გვყავს პიროვნება, რომელიც შეგვიძლია თამამად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შევადაროთ ნებისმიერ წმინდანს, რომელსაც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ადგილი დაუკავებია. ეს არის ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც 40 წელია, ჩვენი ქვეყნის პატრიარქია და დღევანდელი გიორგობაც მისთვის მეორმოცე გიორგობაა, როგორც პატრიარქისათვის. მინდა, თქვენთან ერთად მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ თუ შეიძლება რომელიმე წმინდანს შევადაროთ ყველაზე მეტად, ალბათ წმინდა გიორგის, რადგან 40 წლის განმავლობაში მასაც მრავალი ასეთი განსაცდელი აქვს გადატანილი. ქართველი ერის ვალია, რომ დაწვრილებით აღიწეროს 40 წლის განმავლობაში მისი ღვაწლი პირველივე დღიდან”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, პატრიარქობის პირველივე დღიდან, ილია მეორის ჯვარი იყო განუზომლად მძიმე.
“პირველივე დღიდან ეს იყო მოწამეობა, ანუ მოწმობა. იგი ყოველდღე ამოწმებდა იმას, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ქრისტიანული სარწმუნოება, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. დღევანდელ დღემდე მან მოიტანა ეს ჯვარი და მინდა მას ვუსურვო, რომ კიდევ მრავალი წელი ატაროს ეს ჯვარი და კიდევ მრავალი წელი იგი იყოს უპირველესი წინამძღვარი ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ხალხის. თქვენ იცით ყველამ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ტარდება გამოკითხვები და უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს საქართველოში არის ყველაზე მეტად ნდობით აღჭურვილი პირი და ქართველი ხალხი ყველაზე მეტად ენდობა მას. ეს არის სწორედ ამ დიდი მოწამეობის შედეგი, რომელიც ამ ტაძარს და ადგილს უნახავს, თუნდაც 9 აპრილი რომ გავიხსენოთ. მინდა ეს დღე მივულოცო, შევთხოვო წმინდა გიორგის, გაამხნევოს ჩვენი პატრიარქი, რადგან თავად წმინდა გიორგისაც სჭირდებოდა გამხნევება, მას უფალი ამხნევებდა. ღრმად მწამს. უფალი ჩვენს პატრიარქს ამხნევებს, უფალი ჩვენს პატრიარქს ძალას აძლევს და როგორც წმინდა გიორგი მრავალგზის აღადგინა ამ ტანჯვა-წამებისაგან, ესეც მრავალჯერ მომხდარა ჩვენი პატრიარქის ცხოვრებაში”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები