მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

დღეს, 23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ (6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს) დიდმოწამე გიორგის ხსენებას ზეიმობს.
23 ნოემბრის გიორგობას, მართლმადიდებელ სამყაროში, მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმას უტოლდება.
წმინდა გიორგი III საუკუნის II ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. მას მაღალი თანამდებობა ეკავა რომის არმიაში და ერთ-ერთი დევნის დროს მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.
ქმრის სიკვდილის შემდეგ, გიორგის დედა პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის მახლობლად, სადაც იგი ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმინდა გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.
გიორგი სრულიად ახალგაზრდა განმწესდა სამხედრო სამსახურში. ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში იგი გამოირჩეოდა, როგორც მამაცი, გამოცდილი მეომარი და მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წ.წ.) ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა, შვილივით შეიყვარა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
გადმოცემის თანახმად, დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე დასრულდა. წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და ჯალათს მიუშვირა ქედი.
ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები