„მეუღლეს ვცემ პატივს, მაგრამ თვალს ვაყოლებ სხვა ქალებსაც, რა ჭირი ვქნა? რაის კაცი ვარ, აბა?“

0

ქალთა უფლებების დამცველთა მიერ პარლამენტში განსახილვევლად შესულ კანონპროექტს „სექსუალურ შევიწროებასთან“ დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთ ქვეპუნქტად სიტყვა მიშტერებაცაა მოხსენიებული, დიდი აურზაური და გარჩევები მოჰყვა საზოგადოებაში, საკითხი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გოგი წულაიამ შეაფასა: „პარლამენტი იმნაირი დეგენერატებითაა სავსე, რომ შეიძლება ეს კანონპროექტი დამტკიცდეს…“ კანონპროქტის შესახებ გოგი წულაიას გაზეთი „ალია“ ესაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი სისულელე და პარლამენტში იმდენი დეგენერატი ზის, არაა გამორიცხული, ეს კანონპროექტი სერიოზულად განიხილონ და სულაც მიიღონ, ეს არის მკვდრადშობილი კანონპროექტი. ერთი მაინტერესებს, საერთოდ ყველაფერს აქვს თავისი საზომი ერთეული, დენს, წყალს, დროს და ა.შ. პარიზთან ახლოს არის ქალაქი, სადაც ეს საზომი ერთეულები ინახება, ახლა ეს მიშტერების ერთეული როგორ უნდა განისაზღვროს, ან ვინ  უნდა განსაზღვროს, ეს იყო, ვთქვათ, დაჟინებით მიშტერება თუ ნაკლებად დაჟინებით, სექსუალურად იყურებოდა ობიექტი ამ მიშტერების დროს, თუ ნაცნობის ამოცნობა უნდოდა, მანახონ ამ მიშტერების ერთეული, რომლის ეტალონს პარიზთან ახლოს დაიცავენ, და ხელებს ავწევ…

იქნება ვინმე გავათხოვოთ, იქნება ვინმეს ბავშვი გავაჩენინოთ, რა დროს სექსუალურად შევიწროებაზე და რეგულაციებზეა საუბარი, ახლა აბა ვინმემ მითხრას ალალად, მე არა ვარ ახლა დიდი ფსიქოლოგი და ქალის ბუნების დიდად მცოდნე, მაგრამ ელემენტარულია, დილას ქალი იმისთვის იპრანჭება, ისვამს მაკიაჟს სახეზე და იცვამს მოკლე კაბას, რომ ვინმეს მოეწონოს და დააშტერდეს, რა არაა ასე? რომ იყოს ლამაზი, ხოდა ლამაზი თუ არ აღიქვი, თუ არ დააფასა ვინმემ, იმნაირი სილამაზე ვის რა სიკვდილად უნდა. ქალების უმეტესობა აქეთ ცდილობს კაცო, რომ ბევრი მამაკაცი გამოიწვიოს, ეს ხომ ქალის ბუნებაა? ეგენი ვინ სიკვდილია კაცო, ეს რამდენიმე ქალი რომ სრულად საქართველოს ქალებს მოუწოდებს და ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ, რა სჭირთ, ხოდა დანარჩენ საქალეთს ამათი ჭკუის სასწავლებელი! მასე თუ უნდათ, არ გამოვხედოთ და არ მივაშტერდეთ, გამოვიდნენ წელგაზნექილები, ძონძებჩაცმულები და არ მივაშტერდებით, ბატონო“.

-ანუ ქალები კაცებს არ ავიწროებენ, თუ როგორაა საქმე?

-აბა რა, მე მაინცადამაინც არავის ჩაუძვრები მკერდში, მაგრამ ქალს სიამოვნებს, კაცო, თვალს რომ გააყოლებ, ყურადღების ცენტრში რომ მოექცევა, ამაში რა არის ცუდი, აბა რატომ იცვამენ მოკლე კაბას, რატომ დადიან სალონებში, რატომ ილამაზებენ თავს?

-რაღაც ძალიან მექალთანესავით ლაპარაკობთ.. მალე დაგაჯარიმებენ ალბათ..

-არა, არა, ნამდვილად არ ვარ მექალთანე, ქალები მიყვარს, რა თქმა უნდა, კაცო, შვილებს ვფიცავარ, რომ გაივლის ლამაზი ქალი, მეორე ქალი აყოლებს თვალს, ანუ ქალი ქალს უყურებს და რა არის ამაში დასაძრახისი ან იმაში, რომ კაცი დააშტერდეს? რა უბედურებაა, რა თქმა უნდა, მეუღლეს ვცემ პატივს, მაგრამ თვალს ვაყოლებ სხვა ქალებსაც, რა ჭირი ვქნა, აბა, რაის კაცი ვარ, აბა, სამხრეთი ქვეყანაა ბოლო-ბოლო.

კომენტარები

კომენტარი